ავსტრიის კანცლერი: პუტინს სჯერა, რომ ის იგებს ომს უკრაინაში

ავსტრიის კანცლერი კარლ ნეჰამერი, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის შემდეგ, მიიჩნევს, რომ რუსეთის ლიდერი უკრაინასთან ომში რუსეთის გამარჯვებაში დარწმუნებულია. ამის შესახებ მან ამერიკულ ტელეარხ NBC-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

„ვფიქრობ, ის ახლა საკუთარ სამხედრო ლოგიკაშია. მას სჯერა, რომ ომი აუცილებელია რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ის არ ენდობა საერთაშორისო თანამეგობრობას. ვფიქრობ, მან იცის რა ხდება ახლა უკრაინაში. თვლის, რომ ის ომს იგებს“, – განაცხადა ნეჰამერმა.

წამყვანმა ნეჰამერს ჰკითხა პუტინის რეაქციაზე ომის დანაშაულის ბრალდებებზე.

„მან მითხრა, რომ ითანამშრომლებდა ერთი მხრივ საერთაშორისო გამოძიებასთან, მეორე მხრივ კი მითხრა, რომ არ ენდობოდა დასავლურ სამყაროს. ასე რომ, ეს იქნება პრობლემა ახლაც და მომავალშიც. ვფიქრობ, რომ საერთაშორისო ნდობა გაეროსადმი, საერთაშორისო გამოძიება საჭიროა. ასე რომ, ეს იყო მკაცრი კამათი. მაგრამ მე შევეცადე დამერწმუნებინა, რომ, მაგალითად, ყოფილმა იუგოსლავიის ომმა დაგვანახა, რომ საერთაშორისო გამოძიება სასარგებლოა ომის დამნაშავეების გასამართლებლად“,- აღნიშნა კანცლერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები