ირაკლი ღარიბაშვილი: „ომის პარტიიდან“ ვინ სად წავა და რას გააკეთებს, ჩემთვის არაა საინტერესო
„ომის პარტიას“ მინდა ვუთხრა, რომ მეორე ფრონტი საქართველოში არ იქნება. ის დამანგრეველი შედეგები, რაც მოიტანა აგვისტოს ომმა, 90-იანი წლების ომებმა, სამოქალაქო ომმა, აღარ განმეორდება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
„მე ხალხს ველაპარაკები განვითარებაზე, მშვიდობაზე, სტაბილურობაზე, არსებულ პრობლემებზე. არ მაინტერესებს, „ნაცმოძრაობის“ რომელი პროვოკატორი სად წავიდა, რას აკეთებს ან რას აცხადებს. ხალხს უნდა ვესაუბრო იმაზე, რაც ჩვენ გვაინტერესებს. „ომის პარტიას“ მინდა ვუთხრა, რომ მეორე ფრონტი საქართველოში არ იქნება. ის დამანგრეველი შედეგები, რაც მოიტანა აგვისტოს ომმა, 90-იანი წლების ომებმა, სამოქალაქო ომმა, აღარ განმეორდება. ჩვენი მთავრობა არის პასუხისმგებლობიანი მთავრობა. პირველ რიგში მე პასუხს ვაგებ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებასა და მშვიდობაზე, თითოეულ მოქალაქეზე. ამიტომ ჩემთვის არაა საინტერესო, „ომის პარტიიდან“ ვინ სად წავა. საპარლამენტო დელეგაცია, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით ჩასულია უკრაინაში, რათა კიდევ ერთხელ გამოვხატოთ ჩვენი სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ. 191 ქვეყანას შორის პირველ ადგილზე ვართ უკრაინაში გაგზავნილი ჰუმანიტარული ტვირთის ოდენობით და ამ უპრეცედენტო სოლიდარობისთვის ქართველ ხალხს მადლობას ვუხდი“, – აცხადებს ღარიბაშვილი.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები გიორგი მარგველაშვილთან ერთად უკრაინაში იმყოფებიან.