რატი ბრეგაძე: მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის შედეგად საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული პრობლემები ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდება

საკუთრების უფლება ადამიანის ერთ-ერთი მთავარი უფლებაა, რომლის მოსაპოვებლადაც საბჭოთა საქართველოს პერიოდიდან მოყოლებული მრავალი თაობა იბრძოდა. როგორც იქნა, ეს უფლება ყველამ ერთობლივად მოვიპოვეთ, – ამის შესახებ მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.

„დღეს მართლაც ისტორიული დღეა და ამ ყველაფერს აქვს თავისი საფუძველი. თანამედროვე საქართველოს მთავარი ღირებულება არის ადამიანი და ადამიანზე ორიენტირება. სწორედ ადამიანის უფლებების უზრუნველსაყოფად იქმნება თანამედროვე სახელმწიფოები. საკუთრების უფლებაც ადამიანის ერთ-ერთი მთავარი უფლებაა, რომლის მოსაპოვებლადაც საბჭოთა საქართველოს პერიოდიდან მოყოლებული მრავალი თაობა იბრძოდა. როგორც იქნა, ეს უფლება ყველამ ერთობლივად მოვიპოვეთ. ბუნებრივია, ამ მოპოვებულს სჭირდება დაცვა და შემდგომი რეალიზაცია. შესაბამისად, ჩვენი უმთავრესი ფუნქციაც დღეს სწორედ ამაში მდგომარეობს. ზოგადად, იუსტიციის სამინისტროს მთავარი მისია ეფუძნება სამ ძირითად სვეტს. ესენია: ადამიანის უფლებების რეალიზების მაქსიმალური ხელშეწყობა, სახელმწიფოს სამართლებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მომხმარებელზე ორიენტირებული მაღალი ხარისხის სახელმწიფო მომსახურების მიწოდება. ამ პროექტის შედეგად ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდება საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული პრობლემები. რაც შეეხება სამართლებრივ უსაფრთხოებას, პროექტის დასრულების შემდეგ ამოიწურება პოტენციური დავების ყოველგვარი პოტენციალი. შესაბამისად, სახელმწიფოს სამართლებრივი უსაფრთხოების მაქსიმალური რეალიზების კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგმება. ამ პროექტის დასრულების შემდეგ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გაირკვევა, თუ ვინ არის რომელი კონკრეტული მიწის მესაკუთრე. ეს პროექტი მიმდინარეობს წინასწარ გაწერილი გრაფიკით და 2024 წელს დასრულდება. ეს ყველაფერი თავისით ვერ განხორციელდებოდა და ამ პროექტს სჭირდებოდა ძალიან დიდი მხარდაჭერა. თამამად უნდა ითქვას, რომ სწორედ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს იყო მიღებული ეს გადაწყვეტილება, რისთვისაც დიდი მადლობა უნდა გადაგიხადოთ. ეს პროექტი განხორციელდეს ისე ორგანიზებულად, როგორც ეს დღეს ხდება. დამერწმუნებით, ნამდვილად ისტორიული მოვლენა იქნება, როდესაც 2024 წელს ეს პრობლემები აღარ იარსებებს. ასევე მადლობას ვუხდი მხარდაჭერისთვის პარლამენტს და ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს“, – განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები