ლევან დავითაშვილი – „აზერბაიჯანთან გვექნება ბევრი ერთობლივი პროექტის განხორციელების შესაძლებლობა, რომლებიც გააუმჯობესებს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას და გაზრდის შუა კორიდორის კონკურენტუნარიანობას”
„აზერბაიჯანულ მხარესთან მიღწეული გვაქვს შეთანხმება ძირითად საკითხებზე, რომელიც ეხება სავაჭრო ტვირთბრუნვის გაზრდას. გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის კუთხით გვექნება ასევე პროგრესი, გვექნება ძალიან ბევრი ერთობლივი პროექტის განხორციელების შესაძლებლობა, რომელიც უკავშირდება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის კიდევ უფრო გაუმჯობესებას, რაც გაზრდის შუა კორიდორის კონკურენტუნარიანობას”, – ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომელიც, ქართულ დელეგაციასთან ერთად, ორდღიანი ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფება.
ვიცეპრემიერმა მაღალი დონის შეხვედრები გამართა ქვეყნის ხელისუფლების პირველ პირებთან, სადაც ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული და ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს, მათ შორის, ტრანსპორტის სფეროში.
„ჩვენსა და აზერბაიჯანის რკინიგზას შორის იქნება კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობა, რომელიც გააუმჯობესებს სერვისებს მომხმარებლებისთვის. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ტექნიკური კუთხით თანამშრომლობა, რომელიც გამორიცხავს ყოველგვარ შეფერხებას, რომელიც შეიძლება, გაზრდილი ტვირთბრუნვის პირობებში წარმოიშვას”, – აღნიშნა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა.
ვიცეპრემიერის შეფასებით, საქართველოსა და აზერბაიჯანს გააჩნია ძალიან დიდი შესაძლებლობები იმისთვის, რომ მაღალი დონის კოორდინაციით უზრუნველყოს გაზრდილი ტვირთნაკადების გატარება როგორც დასავლეთის, ასევე, ცენტრალური აზიის ქვეყნებში.
აზერბაიჯანში მყოფი ქართული დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც ვიცეპრემიერი ლევან დავითაშვილი ხელმძღვანელობს, შედიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები – გურამ გურამიშვილი და რომეო მიქაუტაძე, საქართველოს პრემიერმინისტრის მრჩეველი – იოსებ ტყემალაძე, სს „საქართველოს რკინიგზის” გენერალური დირექტორი – დავით ფერაძე და „ნავთობისა და გაზის კორპორაციის” გენერალური დირექტორი – გიორგი ბახტაძე. ბაქოში გამართულ შეხვედრებში ასევე მონაწილეობს საქართველოს ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში – ზურაბ პატარაძე.