არჩილ თალაკვაძე: იმაზე საუბარი, რომ ვიღაცამ კითხვარი დამალა, რადიკალური ოპოზიციის სიცრუეა, ისეთი არაფერი წერია, რომ ვინმემ რამე დაგიმალოთ
იმაზე საუბარი, რომ ვიღაცამ კითხვარი მაგიდის ქვეშ დამალა და არავის აჩვენებს, რადიკალური ოპოზიციის სიცრუეა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ირაკლი კობახიძემ რადიკალურ ოპოზიციას მიმართა, ნუ შეუშლიან საქართველოს ხელს ამ მონაცემების დამუშავებასა და გადაგზავნაში.
“რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგია ხალხისთვის იმის თქმა, თითქოს, კითხვარი ვიღაცამ გადამალა და არავის აჩვენებს, რაც არასერიოზული საუბარია. ირაკლი კობახიძემ რადიკალურ ოპოზიციას მიმართა, ნუ შეუშლიან საქართველოს ხელს ამ მონაცემების დამუშავებასა და გადაგზავნაში. ვადასტურებ, რომ ეს არის ხელის შეშლა, როცა მართული მედიით მთელი დღე შუქდება, რომ ვიღაცები მას მალავენ და არავის აჩვენებენ, რა წერია მასში”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
პარლამენტის ვიცესპიკერმა აღნიშნა, რომ კითხვარი ყველა იმ ინსტიტუტს, ორგანიზაციასა და ადამიანს მიეწოდება, ვინც პასუხისმგებელი და მოვალეა, კითხვარში მოცემულ საკითხებზე ინფორმაცია შეკრიბოს, დაამუშაოს და მიაწოდოს.
“მათ შორის არიან პარლამენტი და პარლამენტის კომიტეტები. შესაბამისად, იმაზე საუბარი, რომ ვიღაცამ კითხვარი მაგიდის ქვეშ დამალა და არავის აჩვენებს, ეს არის რადიკალური ოპოზიციის სიცრუე.
კითხვარი სამი ბლოკისგან შედგება. ეს არის პოლიტიკური ბლოკი, სადაც კითხვები ეხება საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტებს, პარლამენტს, მთავრობას, სამინისტროებს, კონსტიტუციურ ინსტიტუტებს. მეორეა სავაჭრო ეკონომიკური ბლოკი, სადაც კითხვები მოცემულია ექსპორტ-იმპორტთან, ფისკალურ-მონეტარულ პოლიტიკასთან, ეროვნულ ბანკთან, ფინანსთა სამინისტროსთან და სავაჭრო რეგულაციებთან დაკავშირებით. მესამე ბლოკი სექტორული ბლოკია – იქნება ეს სოციალური სისტემა, კულტურის დაცვის სფერო, სპორტის მიმართულება თუ სხვა.
პარლამენტს კომუნიკაცია აქვს მთავრობასთან და კითხვართან დაკავშირებით უზრუნველვყოფთ დეტალურ განხილვებს, რაც თავისთავად მოიცავს, რომ პროცესში ჩართულობა იქნება უზრუნველყოფილი იმ ზომით, რა ზომითაც ეს ევროკავშირთან შეთანხმდება. დამიჯერეთ, კითხვარში ისეთი არაფერი წერია, რომ ვინმემ რამე დაგიმალოთ”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.