ილია დარჩიაშვილი – ევროკავშირის წევრობის კითხვარზე: საქართველოს მთავრობა, ყველა შესაბამისი უწყება აქტიურად მუშაობს მის მომზადებაზე
საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, საქართველოსთვის ევროკომისიის მიერ გადმოცემული სპეციალური კითხვარი ყველა შესაბამის სახელმწიფო უწყებას დაურიგდა და მის შესავსებად აქტიური სამუშაო მიმდინარეობს.
შესაბამისი განცხადება ქვეყნის პირველმა დიპლომატმა პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის 62-ე სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც დარჩიაშვილმა აღნიშნა, კომისია ასრულებს მთავარ მაკოორდინირებელ ფუნქციას ამ პროცესში.
„როგორც ცნობილია, საქართველომ 11 აპრილს ბრიუსელიდან მიიღო კონკრეტული კითხვარი, რომელიც ჩვენი ევროინტეგრაციის პროცესის შემდეგი ნაბიჯია. უნდა აღვნიშნო, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაუყოვნებლივ დაიწყო პროცესი, კოორდინაცია, არაერთი შეხვედრა გაიმართა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად. ჩვენს შესაბამის სახელმწიფო უწყებებს გადაეცათ აღნიშნული კითხვარი და საქართველოს მთავრობა, ყველა შესაბამისი უწყება აქტიურად მუშაობს აღნიშნული კითხვარის მომზადების საქმეში, რათა ჩვენ დროულად, რაც შეიძლება სწრაფად მოვახდინოთ დოკუმენტის მომზადება და ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის რაც შეიძლება მალე დაბრუნება“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
ცნობისთვის, სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარი 11 აპრილს ბრიუსელში გადასცა.