პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ზოგიერთ პარტიას, არასამთავრობო ორგანიზაციასა და მედიას შორის ზღვარი წაშლილია. როგორც მან ბაკურიანში მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და ოპოზიციის ნაწილის შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა, ზღვრის არარსებობა ყველაზე ცუდი ქვეყნის დემოკრატიისთვისაა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ამ შეხვედრაზე ყველაზე მთავარი კითხვაა, რა ფორმატია ის, სადაც პარტიები, ჟურნალისტები და არასამთავრობოები ერთად სხედან და ხელისუფლების შეცვლის მეთოდებზე მსჯელობენ.
„ეს არის ჩემთვის წარმოუდგენელი, ეს ადასტურებს, რასაც ჩვენ ვსაუბრობდით, რომ სამწუხაროდ, ზღვარი ზოგიერთ პარტიას, ზოგიერთ არასამთავრობო ორგანიზაციასა და ზოგიერთ მედიას შორის არის წაშლილი, ეს არის ყველაზე ცუდი ჩვენი დემოკრატიისთვის, რომ სხვადასხვა სექტორი ასე არეულია ერთმანეთში და ვეღარ ვარკვევთ, იქ მედია არის პარტია, პარტია მედია, NGO პარტია თუ პირიქით. ამ ზღვრის წაშლა ამ ღონისძიების ყველაზე ცუდი ვიზუალური ნაწილია, რაც ადასტურებს იმას, რასაც ჩვენ ვსაუბრობდით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.