ჯონათან ჯანოგლი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს გაერთიანებული სამეფოს საპარლამენტო დელეგაციის მასპინძლობისთვის მადლობას უხდის

საქართველოს საკითხებზე დიდი ბრიტანეთის პარტიათაშორისი საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე, ჯონათან ჯანოგლი საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს გაერთიანებული სამეფოს საპარლამენტო დელეგაციის მასპინძლობისთვის მადლობას უხდის.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ოფიციალურ წერილში, რომელიც საქართველოს მთავრობის მეთაურმა მიიღო, ჯონათან ჯანოგლი აღნიშნავს, რომ შეხვედრა ძალიან ინფორმატიული და პროდუქტიული იყო.

“ბატონო პრემიერმინისტრო! მადლობა მინდა, გადაგიხადოთ გასულ კვირას გაერთიანებული სამეფოს საპარლამენტო დელეგაციასთან შესახვედრად დროის გამოყოფისთვის. ჩემი ყველა კოლეგა მიიჩნევს, რომ ჩვენი საუბარი ძალიან ინფორმატიული და მრავლისმომცემი იყო. როგორც შეხვედრისას განვაცხადე, საქართველოში ადრეც ვყოფილვარ, მაგრამ ჩემი კოლეგები პირველად ეწვივნენ ქვეყანას და იმაზე მეტი ცოდნით დატოვეს საქართველო, ვიდრე ვიზიტამდე გააჩნდათ. ყველამ ძალიან ვისიამოვნეთ ცნობილი ქართული სტუმართმოყვარეობით და კარგად გავერკვიეთ მიმდინარე საკითხებში. ნამდვილად მიმაჩნია, რომ ჩვენმა ვიზიტმა გააძლიერა ორ ქვეყანას შორის არსებული საპარლამენტო ურთიერთობა და ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ გამოწვევების შემცველ საერთაშორისო ვითარებაში”, – ნათქვამია ჯონათან ჯანოგლის წერილში, რომელიც საქართველოს პრემიერმინისტრმა გაერთიანებული სამეფოდან მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები