ნინო წილოსანი: ჩვენს ოპონენტებს მცირეოდენი პოლიტიკური გამბედაობა რომ ჰყოფნოდათ, აუცილებლად აღნიშნავდნენ იმ პროგრესს, რომელიც აგრარული მიმართულებით ჩვენს ქვეყანას აქვს
„ბუნებრივია მეტი შრომა გვჭირდება, რომ მოსახლეობას ახალი სტანდარტების და ტექნოლოგიების დანერგვით უფრო მაღალ მწარმოებლური სოფლის მეურნეობა შევთავაზოთ და ეს ნამდვილად იქნება მომდევნო წლების ჩვენი გამოწვევა-თქვენი, ბატონო მინისტრო, და მთლიანად ჩვენი პოლიტიკური გუნდის, მათ შორის საპარლამენტო გუნდისაც, რომელიც თქვენთან ერთად, ერთობლივად ვქმნით სახელმწიფო პოლიტიკას აგრო მიმართულებით და ვაღწევთ იმ წარმატებებს, რომელზეც დღეს ასე ამაყად ვსაუბრობთ“, – ამის შესახებ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მინისტრის საათის ფორმატში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ოთარ შამუგიას უსმენენ.
ნინო წილოსანი ოპოზიცის კრიტიკულ გამოსვლებს გამოეხმაურა. მისი თქმით, პროგრესი რომელიც ქვეყანას აგრარული მიმართულებით ბოლო წლების მანძილზე აქვს მმართველი პოლიტიკური გუნდის დამსახურებაა.
„ჩვენს ოპონენტებს მცირეოდენი პოლიტიკური გამბედაობა რომ ჰყოფნოდათ თავიანთი გამოსვლებისას, აუცილებლად აღნიშნავდნენ იმ პროგრესს, რომელიც აგრარული მიმართულებით ჩვენს ქვეყანას აქვს. ოდნავ მაინც ნამუსი რომ ჰქონოდათ, „ნაციონალურ მოძრაობაზე” და მის გუნდში შემავალ და მხარდამჭერ პარტიებზე ვსაუბრობ, საერთოდ არ ისაუბრებდნენ სოფლის მეურნეობაზე, იმიტომ, რომ მათ დროს სოფლის მეურნეობა განადგურებული იყო და იმ პროგრესს რასაც ჩვენ ბოლო წლების მანძილზე მივაღწიეთ, ნამდვილად მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი პოლიტიკური გუნდის დამსახურებაა. რადგან თქვენ, პატივცემული ოპონენტების დიდო ნაწილო, არ გაქვთ კარგი დამოკიდებულება არც ციფრებთან, არც რეალობასთან, არც შედარებასთან და არც სიმართლესთან, მე გეტყვით, როგორი არის სიმართლე სოფლის მეურნეობის მიმართულებით“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.
კომიტეტის თავმჯდომარემ აგრარული მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებზე, დადებით დინამიკაზე და შედეგებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ევროკავშირის წევრობის დაჩქარებული პროცესი ახალ გამოწვევებს აჩენს აგრარული სექტორის წინაშე, მისი თქმით, ეს გამოწვევები მოგვცემს საშუალებას, ავამაღლოთ სტანდარტები, ავითვისოთ უკეთესი ბაზრები და ადგილობრივ ბაზარზე ჩვენმა მომხმარებელმა მაღალი სტანდარტის და ხარისხის აგრო-სასურსათო პროდუქცია მიიღოს.
ნინო წილოსანმა მინისტრს და სამინისტროს გუნდს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა.
„როდესაც სამინისტროს შეფასებაზე დავიწყებთ საუბარს, აუცილებლად უნდა ვთქვა, სამინისტროს ძალიან ძლიერი გუნდის შესახებ. ადამიანები ძალიან მაღალი კომპეტენციით, რომლებიც ძალიან შემჭიდროვებულ ვადებში მონდომებით და მაღალი პროფესიონალიზმით ახორციელებენ თითოეულ პროგრამას, რომელიც საბოლოო ჯამში ბენეფიციარებამდე და ჩვენს ფერმერებამდე მიდის და რომელთა განხორციელება უწყობს ხელს იმ შედეგებს, რომელზეც ახლა დიდი სიამაყით ვსაუბრობთ. არ შემიძლია არ გამოვყო სოფლის განვითარების სააგენტო, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება თითოეული ეს მხარდაჭერის პროგრამა და სურსათის ეროვნული სააგენტო, რომლის ფარგლებშიც იმ სტანდარტების მიღწევა მოხერხდა, რომელიც გვაძლევს საშუალებას ევროპის ბაზრები ავითვისოთ“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.