მიხეილ სარჯველაძე: დარგში ხელისუფლების მიერ განხორციელებული რეფორმების შედეგად პროცესი მიდის წინ
„ოპოზიციამ არჩევაც არ იცის საკითხებისა, რომელზეც ხელისუფლებას უნდა ეკამათოს. აქ ფაქტობრივი ტყუილები ითქვა ოპოზიციის მხრიდან“, – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ ოპოზიციონერ კოლეგებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც მინისტრის საათის ფორმატში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ოთარ შამუგიას მოუსმინეს.
სარჯველაძემ იმედი გამოთქვა, რომ ერთი წლის თავზე, როდესაც კიდევ ერთხელ წარსდგება მინისტრი პარლამენტში, ამ დარგში კიდევ უფრო ხელშესახები შედეგები იქნება.
„ოპოზიციამ არჩევაც არ იცის საკითხებისა, რომელზეც ხელისუფლებას უნდა ეკამათოს. აქ ფაქტობრივი ტყუილები ითქვა ოპოზიციის მხრიდან.
ისე გამოიყვანეს, რომ თითქოს მიწის რეგისტრაცია დღეს დაიწყო საქართველოში. უნდა ვთქვათ, რომ 2016 წელს რომ კანონი მივიღეთ სისტემური რეგისტრაციის შესახებ იმის შემდეგ 4 წელიწადში იმაზე მეტი დარეგისტრირდა, ვიდრე მთელი დამოუკიდებლობის პერიოდში საქართველოში.
ამიტომ ვამბობ, ნუ აუფასურებთ კრიტიკულ არგუმენტებს, არ შეიძლება ასეთი რამ.
დიახ, მადლობა ეკუთვნის იმ წარმატებისთვის ლევან დავითაშვილს, რომელმაც უზარმაზარი პროგრესი აჩვენა ამ მიმართულებით. ეს არ ნიშნავს იმას, რომ სადმე რამე პრობლემა არ არსებობს და აქ რომ ოპოზიციური დეპუტატი გვეპატიჟება სადღაც, რომელიმე სოფელში, ვიღაც ადამიანთან, რომელიც გაჭირვებულია იმ ადამიანის სანახავად, ისე ნუ წარმოაჩენთ მდგომარეობას, თითქოს 2012 წლამდე დალხენილი ცხოვრობდა ის კაცი. ხელისუფლების ამ დარგში განხორციელებული რეფორმების შედეგად პროცესი მიდის წინ და ეს არის უდავო. და არ შეიძლება ამ უდავო ფაქტებზე მანიპულირების გზით კამათი“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.