გიორგი ბოტკოველი: სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციებს განსაკუთრებული როლი უნდა ეკავოს

????????????????????????????????????

„სოფლად, მცირემიწიანი და დაბალშემოსავლიანი მოსახლეობის სამეწარმეო გააქტიურების მასობრივი დასაქმების და წარმოების ინტენსიური ზრდის თვალსაზრისით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციებს განსაკუთრებული როლი უნდა ეკავოს. სწორედ ამიტომ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო ოთხწლიანი პროგრამის ფარგლებში, 15 მლნ ევროზე მეტი გამოიყო, რათა სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციების პროცესის ინტენსიური განვითარება მომხდარიყო და ასევე, სააგენტოს შესაძლებლობები გაზრდილიყო და გაძლიერებულიყო“, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ბოტკოველმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მინისტრის საათის ფარგლებში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ოთარ შამუგიას მოუსმინეს.

მისი თქმით, ამ მნიშვნელოვანი პროცესის ინტენსიურ განვითარებას აუცილებლად სჭირდებოდა სახელმწიფოს მხრიდან ადეკვატური მხარდაჭერა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო უნდა გაძლიერებულიყო.

„ევროკავშირის  რეკომენდაციის თანახმად, უნდა მომხდარიყო, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს გაძლიერება. ახლო მომავალში იგი უნდა გარდაქმნილიყო წარმოებაზე დაფუძნებულ იურიდიულ პირად, საიდანაც გაჩნდებოდა საკუთარი შემოსავლები და ეტაპობრივად შემცირდებოდა მისი სახელმწიფოსგან დაფინანსება, რათა გადასულიყო სრულ ეკონომიკურ თვითმმართველობაზე. საქართველოს მთავრობამ არად ჩააგდო ევროკავშირის  რეკომენდაციები და 2019 წელს, ფაქტიურად გაუქმდა აღნიშნული ორგანიზაცია, კოოპერატივების განვითარების სააგენტო. ეს ყველაფერი სოფლის  მეურნეობის  სააგენტოში გადავიდა, სადაც არ მოხდა ამ ყველაფრის რეალურად განვითარება და ყურადღების მიღმა დარჩა ეს მიმართულება. ნიშნავს თუ არა ეს, რომ მთავრობამ ამ გადაწყვეტილებით გამიზნულად განახორციელა სასოფლო-სამეურნეო  კოოპერაციის პროცესის პარალიზება და ამ მიმართულებით მთავრობის პოლიტიკა მცდარია?!“, – მიმართა მინისტრს გიორგი ბოტკოველმა.

მისი თქმით, ეს საკითხები განსაკუთრებით აქტუალური გახდა დღეს, როდესაც საქართველოს მთავრობამ განაცხადი გააკეთა ევროკავშირის წევრობაზე და ევროკავშირის რეკომენდაციის გათვალისწინება განსაკუთრებით დიდ მნიშვნელობას იძენს.

„რატომ არ გაითვალისწინეთ ევროკავშირის რეკომენდაციები და რა მოსაზრებით მიიღო გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ამ კონკრეტული სააგენტოს გაუქმების გადაწყვეტილება?“, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები