პაატა მანჯგალაძე – გვქონდა კონკრეტული კითხვები, რაზეც მივიღეთ ზოგადი პასუხები

„მინისტრისგან ზოგადი პასუხები მივიღეთ, არ გვაქვს საფუძველი იმის, რომ ვიყოთ კმაყოფილი“, – ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფ „რეფორმების ჯგუფის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს მოუსმინეს.

მისი თქმით, კონკრეტული კითხვები ჰქონდათ მინისტრის მიმართ, თუმცა ზოგადი პასუხები მიიღეს.

„მოვისმინეთ მინისტრის გამოსვლა, გვქონდა კონკრეტული კითხვები, რაზეც მივიღეთ ზოგადი პასუხები. ნამდვილად არ გვაქვს საფუძველი იმის, რომ ვიყოთ კმაყოფილები. მე ვსაუბრობდი ორ საქართველოზე და შემიძლია უფრო დეტალურად ვისაუბრო იმ პრობლემებზე, რაც აქვს რეგიონებში მცირემიწიან ფერმერს, გლეხს. მე დაგისვით ორი კითხვა ბატონო მინისტრო: რამდენია გლეხის შემოსავალი სასოფლო სამეურნეო პროდუქციის რეალიზებიდან? –  არის 60 ლარამდე, და რამდენი უჯდება ხვნა-თესვა ერთ ჰექტარზე გლეხს? მარტო საწვავი სჭირდება 80 ლიტრი, რაც არის დაახლოებით 300 ლარის ღირებულების, მექანიზატორის თანხა, რაც გლეხმა უნდა გადაიხადოს არის დაახლოებით 350 ლარი, ასევე მნიშვნელოვანია სასუქის ფასი, ჯამში გამოდის 1000 ლარზე მეტი. როგორ უნდა შეძლოს ამ პირობებში გლეხმა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარება და თქვენი პასუხი არის – რაღაც პროგრამაზე ვმუშაობთ. უკვე დაწყებულია საგაზაფხულო სამუშაოები და არც გლეხმა, არც პარლამენტის წევრმა, არავინ არ იცის, რას გულისხმობს დახმარების პროგრამა, ხელშეწყობის პროგრამა ამ ადამიანებისთვის”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

მისივე თქმით, გლეხები სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარებას დიდი ეკონომიის ხარჯზე ძლივს ახერხებენ.

„650 ათასი ადამიანი არის  მცირემიწიანი ფერმერი, რომელიც ამ სისტემის მძევალია და წლიდან წლამდე რას ვეუბნებით? სამინისტროს პასუხია, რომ იფიქრებს რაღაცა ხელშემწყობ პროგრამაზე. ამასთანავე მსურს ვთქვა, რომ  „სტრატეგია აღმაშენებელი” არ ვართ ის ხალხი რომელიც მარტო ვაკრიტიკებთ, კონკრეტული გადაწყვეტის გზებსაც გთავაზობთ. არ მიხარია, რომ ეს მდგომარეობაა ქვეყანაში, მე გამიხარდებოდა, რომ 650 ათასი ადამიანის, რომელიც ვახსენეთ, შემოსავალი იყოს თვეში ათასი ლარი და მაშინ ამ შემთხვევაში ტაშს დაგიკრავდით. იმედია გაითვალისწინებთ ამ ხალხის გასაჭირს, გულისტკივილს“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები