გუბაზ სანიკიძე – ამ პირობებში ოპოზიციას ვადამდელი არჩევნების მოგების ძალა არ აქვს, ოპოზიცია განულებულია
ამ პირობებში ვადამდელი არჩევნების მოგების ძალა ოპოზიციას არ აქვს, განულებულია ოპოზიცია, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა გუბაზ სანიკიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა.
მისი თქმით, ქართული ოპოზიცია არაადეკვატური ქმედებებით მძიმე დღეშია.
„რას იმართლებენ თავს, რისი რევოლუციის თავი აქვს ამ ოპოზიციას? რევოლუციები ასე არ კეთდება. ყველას ვიცნობ, ბევრი ჩემი მეგობარია, პატივს ვცემ, მაგრამ არცერთი რევოლუციონერს არა ჰგავს. კარიკატურაა ეს ყველაფერი – ხელისუფლებაც კარიკატურაა და ოპოზიციაც. დააკვირდით, ხალხი აღარ რეაგირებს უკვე, აღარც ხელისუფლების და აღარც ოპოზიციის განცხადებებზე. გამოდიან „მეოცნებეები“ და ამბობენ, „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა რევანშიო. აბა , პოლიტიკა რა არის? – ხან შენ უნდა მოიგო, ხან მე უნდა მოგიგო. თურმე როგორ უნდათ რევანში.
ამ პირობებში ვადამდელი არჩევნების მოგების ძალა ოპოზიციას არ აქვს, განულებულია ოპოზიცია. ხომ მძიმე დღეშია „ქართული ოცნება“, უარეს დღეშია ქართული ოპოზიცია, არაადეკვატური ქმედებებით. ოპოზიცია ვერ აფასებს სწორად ვითარებას და არ აქვს სწორად აღებული პრიორიტეტები. იბრძვის წვრილმანებისთვის და მთავარი სტრატეგიული საკითხები ისე ჩაიშხუილებს ხოლმე, ვერც დაინახავენ“, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.