ილია დარჩიაშვილი ჩეხეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარემ, მარკეტა პეკაროვამ მიიღო
ჩეხეთში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ჩეხეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარემ, მარკეტა პეკაროვამ მიიღო.
საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს საქართველოსა და ჩეხეთს შორის საპარლამენტო განზომილებაში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობას, განსაკუთრებით საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის თვალსაზრისით გამოცდილების გაზიარების და ასევე სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმაში ჩეხეთის პარლამენტის მხრიდან საქართველოს მისწრაფებების აქტიური მხარდაჭერის კუთხით.
მათივე ცნობით, მხარეებმა ასევე მიმოიხილეს საქართველო-ჩეხეთის ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი და მიესალმნენ ჩეხეთის სენატის თავმჯდომარის საქართველოში დაგეგმილ ვიზიტს.
ამასთან, რეგიონში შექმნილ რთულ უსაფრთხოების გარემოზე საუბრისას, ჩეხეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეს ინფორმაცია მიეწოდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე, ჩეხეთის მხარემ კიდევ ერთხელ გამოხატა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და დაგმო რუსეთის ქმედებები საქართველოსთან მიმართებაში.