ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე და კომიტეტის წევრები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი, კომიტეტის წევრებთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრისას, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებული საკითხები, ქართული მხარის მოლოდინები, პერსპექტივები და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის შემდგომი ნაბიჯები განიხილეს.

მათივე ცნობით, მხარეებმა ისაუბრეს სამოქალაქო საზოგადოების მიერ შემუშავებულ გეგმაზე – „ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გადასადგმელი მომდევნო 10 ნაბიჯი“.

„მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრაზე ისაუბრა ევროკავშირის ინსტიტუტებში, საქართველოსთან მიმართებით მიმდინარე პროცესების შესახებ. კომიტეტის თავმჯდომარემ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს  მიაწოდა  ინფორმაცია კითხვარის შევსების პროცესში საქართველოს პარლამენტის, მათ შორის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ჩართულობის ასევე, კითხვარის მიღებიდან დღემდე განხორციელებული ნაბიჯების და უახლოეს პერიოდში დაგეგმილი აქტივობების შესახებ.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა და მოსაზრებები გაუზიარეს და ამ პროცესში სამოქალაქო სექტორის ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის მიზნების ხელშესაწყობად, არასამთავრობო სექტორთან კონსულტაციებს კვლავ გააგრძელებს“, – აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები