უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის ფედერაციის ქმედებები უკრაინელი ერის გენოციდად აღიარა.
ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი „ტვიტერზე“ წერს.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, რეზოლუციას „რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში გენოციდის ჩადენის შესახებ“ მხარი 363-მა სახალხო დეპუტატმა დაუჭირა.
როგორც დოკუმენტის ავტორები აღნიშნავენ, რუსეთის ხელისუფლებას არაერთხელ განუცხადებია, რომ მისი სამხედრო აგრესიის ერთ-ერთი მიზანია უკრაინის ე.წ. დენაციფიკაცია, ხოლო „ნაცისტებად“ რუსეთის ხელისუფლება მოიაზრებს ყველას, ვინც უკრაინულად საუბრობს, თავს უკრაინელად მიიჩნევს და მიისწრაფვის დამოუკიდებელ უკრაინულ სახელმწიფოში ცხოვრებისკენ.
აღნიშნული რეზოლუციით უმაღლესი რადა მიმართავს გაერო-ს, ევროპარლამენტს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეას, ასევე ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეას, მსოფლიოს ქვეყნების მთავრობებსა და პარლამენტებს, აღიარონ რუსეთის მიერ უკრაინელი ხალხის გენოციდი.