ხატია წილოსანმა: საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით უნდა მივაღწიოთ იმ მიზნებს, რომელიც ხელს შეუწყობს უკეთესი გარემოს ჩამოყალიბებას
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ხატია წილოსანმა მონაწილეობა მიიღო სასტუმრო „რუმს ჰოტელში” გამართულ კონფერენციაში „სტოკჰოლმი+50″, რომელზეც მდგრადი განვითარებისა და გარემოსდაცვითი განზომილების გასაძლიერებლად თანამშრომლობისა და ჩართულობის საკითხებთან დაკავშირებით კონსულტაციები გაიმართა.
„მნიშვნელოვანია, რომ დღეს, როდესაც საქართველომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი გააკეთა, ეს ქვეყანაში ახალ დღის წესრიგს აჩენს და ამავე დროს ხაზს უსვამს, როგორც საერთაშორისო ვალდებულებების მნიშვნელობას, ისე ადგილობრივ დონეზე უფრო პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების გაჩენას და ძალიან მინდა მჯეროდეს, რომ ჩვენ, ის ადამიანები, რომლებიც აქ შევიკრიბეთ და ვმსჯელობთ როგორ უნდა მოხდეს სწორად კონსულტირება გარემოსდაცვითი საკითხების წინ წამოწევის ჭრილში, მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ საქართველოს ინტეგრაციას ევროპულ ოჯახში და ევროპულ თანამეგობრობაში.
ჩვენ არ გვაქვს იმისი ფუფუნება, რომ კმაყოფილები ვიყოთ მიღწეული შედეგებით და როგორც აღინიშნა არსებობს უამრავი გამოწვევა და პასუხისმგებლიანი დამოკიდებულებით, ბიზნესსექტორის აქტიური მონაწილეობით, სამოქალაქო სექტორის, აკადემიური წრეების, გარემოსდაცვითი ორგანიზაციების მჭიდრო თანამშრომლობით პარლამენტთან და მთავრობასთან, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით უნდა მივაღწიოთ იმ მიზნებს, რომელიც ხელს შეუწყობს უკეთესი გარემოს ჩამოყალიბებას ჩვენს ირგვლივ”, – განაცხადა ხატია წილოსანმა კონფერენციაზე.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ სახელმწიფო უწყებების, კერძო და სამეცნიერო წრეების, ასევე გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობის, ეკონომიკური, სოციალური, ადამიანის უფლებების საკითხებზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. კონფერენცია გაიმართა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ორგანიზებით, შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით.