შალვა პაპუაშვილმა მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარესთან ონლაინშეხვედრა გამართა
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ონლაინ შეხვედრა გამართა მოლდოვის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე იგორ გროსუსთან.
პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესია და მისი შედეგები საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკისთვის. შალვა პაპუაშვილმა და იგორ გროსუმ უკრაინის და უკრაინელი ხალხისადმი სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოხატეს.
საქართველოს და მოლდოვის რესპუბლიკის პარლამენტების თავმჯდომარეებმა აგრეთვე ისაუბრეს საპარლამენტო ურთიერთობებზე და შეთანხმდნენ ორმხრივი კავშირების გაღრმავებაზე.
ამასთან, აღინიშნა, რომ ორივე ქვეყანას ევროკავშირისგან გადაეცა თვითშეფასების სპეციალური კითხვარები, რომელთა შევსებაში სახელმწიფო უწყებები აქტიურად არიან ჩართული და გამოითქვა მზადყოფნა ამ ყოვლისმომცველ პროცესში ურთიერთდახმარების და გამოცდილების გაზიარების კუთხით.