„რუსეთსა და უკრაინას შორის სამხრეთ -აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიაზე ძალიან სისხლისმღვრელი, სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა იქნება,“ – ამის შესახებ ანალიტიკოსმა რეგიონული პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, „კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის“ თავმჯდომარემ, ზაალ კასრელიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კასრელიშვილმა უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ, სავარაუდოდ, დაპირისპირება მოლაპარაკებებით არ გადაწყდება.
„უკვე თამამად შეიძლება, ითქვას, რომ უკრაინის მხარეს ფიზიკურად, მორალურად და სტრატეგიულად ომი მოგებული აქვს. ბუნებრივია, კითხვა გაჩნდება, თუკი ომი ამ სამი მიმართულებით მოგებული აქვს, კონტრშეტევაზე რატომ არ გადადის? ჩვენც ეს კითხვები გვქონდა. საომარ მოქმედებებში მონაწილე პოლიტიკოსებთან, სამხედრო- პოლიტიკურ ელიტასთან კონსულტაციით და აზრთა გაცვლა-გამოცვლის შედეგად მივედით იმ დასკვნამდე, რომ უკრაინის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას საკმარისი სამხედრო არსენალი აქვს, საკმარისი ცოცხალი ძალა ჰყავს და დასავლეთისაგან საკმარისზე მეტი მხარდაჭერა აქვს იმისათვის, რომ კონტრშეტევზე გადავიდეს. მაგრამ, როგორც ჩანს, ისინი სამხრეთ – აღმოსავლეთ უკრაინის ბრძოლებისათვის ემზადებიან. მოგეხსენებათ, უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში ბრძოლებისათვის რუსეთიც ემზადება. ის გადარჩენილი და გადახალისებული არმიის, ახალი ტექნიკის კონცენტრაციას ახდენს. თუმცა, იქ ახალი ვერაფერი დავინახეთ. ჩვეულებრივი რუსული ტექნიკაა. რუსეთი ძალიან მძიმე სამხედრო არსენალის გამოტანას აპირებს, რასაც აქამდე არ აჩენდა. ვფიქრობთ, ბირთვული იარაღის გარდა, ახალს ვერაფერს გამოიტანს, რაც სირიაში, თავის დროზე ავღანეთსა და სხვადასხვა კონფლიქტურ კერაზე არ გამოუყენებია. ერთადერთი, სავარაუდოა, ალბათ, ის ე.წ. მძიმე ბომბი, რომელსაც ძალიან დიდი დამანგრეველი შედეგები აქვს. უკრაინის მხარემ სამხედრო აღჭურვილობის სახით სერიოზული დახმარება მიიღო. ისეთი უახლესი ტექნოლოგიებია, რომ თამამად შეიძლება, ითქვას, ეს არ არის თავდაცვის იარაღი, ესაა ლეტალური იარაღი. ეს არის იარაღი, რომელსაც ძალიან უპრობლემოდ, ზუსტად შეუძლია, გაანადგუროს თავდამსხმელის, ანუ რუსეთის არმიის ზურგში არსებული ლოჯისტიკური ცენტრები, ანუ კვების პროდუქტების საწყობები, იარაღის მარაგი, საპოხი, საწვავი მასალების საწყობები, რითაც შეიძლება რუსეთის ისედაც დემორალიზებული არმია საერთოდ მწყობრიდან გამოიყვანოს.
იმის იმედი არ გვაქვს, რომ ეს დაპირისპირება მოლაპარაკებებით გადაწყდება. პირიქით, ველოდებით, რომ სამხრეთ -აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთსა და უკრაინას შორის ძალიან სისხლისმღვრელი, სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა იქნება, ისეთი როგორიც კაცობრიობას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ უნახავს“, – განაცხადა ზაალ კასრელიშვილმა.
მისივე თქმით, რუსეთი ამ ომს ვერ მოიგებს.
„ყველა ხიდი დამწვარია, უკან დასახევი გზა არც რუსეთს, არც უკრაინას არ აქვს. რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, დონეცკი, ლუგანსკი და ხერსონის ოლქი აიღოს, რათა სამხრეთ-აღმოსავლეთ აკვატორია აკონტროლოს. ძალიან გაუჭირდებათ. ჩვენი პროგნოზით, რუსეთი ამ ომს ვერ მოიგებს. ამას კიდევ მკაცრი სანქციები ემატება. თუ მან ეს პოზიციები აიღო, ის მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდება, სანქციების მოხსნას და საზავო ხელშეკრულებიდან ყირიმის თემის ამოღებას მოითხოვს. თუ ომი ვერ მოიგო, რუსეთს ყირიმის სტატუსზე ლაპარაკიც მოუწევს. ის სანქციებზე ვერ ილაპარკებს. დარჩება ორი გზა: რკინის ფარდა ჩამოუშვას და დასავლეთთან ცივი ომის სტადიაში გადავიდეს, ან განტევების ვაცი მოძებნოს, რომელსაც ომის დაწყებას და შემდეგ წაგებას დააბრალებს, ბრალს ღალატში დასდებს. ასეთი ქვეტექსტით შეიძლება, დასავლეთს სთხოვოს, რომ სახე შეუნარჩუნონ. ამას დასავლეთი როგორ დათანხმდება , ეს მეორე საკითხია, ალბათ, 24 თებერვლამდე დათანხმდებოდა, მაგრამ, ახლა არ მგონია, რომ ცივილიზებული კაცობრიობა შეეგუოს იმას, რაც რუსეთის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ გააკეთა“, – განაცხადა ანალიტიკოსმა.