ხათუნა სამნიძე: ვფიქრობ, ოპოზიციამ ამ ვიზიტში მონაწილეობა უნდა მიიღოს – ეს არის ქვეყნის ინტერესები და არა – პარტიული დაპირისპირების საკითხი
“ქართული ოცნება“ იმ შეთანხმებას დაუბრუნდა, რომელიც რამდენიმე დღის წინ იყო, რომ დელეგაცია უნდა იყოს ფართო წარმომადგენლობის და მასში უნდა იყოს, როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიცია. ახლა პასუხისმგებლობა არის ოპოზიციის მხარეს, – ამის შესახებ “რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციამ დელეგაციაში მონაწილეობა უნდა მიიღოს.
“კიდევ ერთხელ უნდა გავიაზროთ, რომ ეს არის სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე მისაღები გადაწყვეტილება და ეს არ არის პარტიული საკითხი. ახლა პასუხისმგებლობა არის ჩვენზე, ოპოზიციაზე, ვფიქრობ, ოპოზიციამ უნდა მიიღოს მონაწილეობა ამ ვიზიტში, უფრო მეტიც, ეს იყო ოპოზიციის მხრიდან დაწყებული პროცესი. ეს შეთავაზება თავიდან გაკეთებული იყო თავად ოპოზიციის მხრიდან და კარგია, რომ ამ შეთანხმებას დავუბრუნდით.
ჩვენ, რა თქმა უნდა, მივდივართ, ყველა მოდის, აქ ერთი საკითხია, ,,ნაციონალური მოძრაობა,, რას იზამს. მე ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში არ წამოსვლა იქნება ძალიან დიდი უპასუხისმგებლობა. ჩვენ წარმოვადგენთ საპარლამენტო დელეგაციას და არა – „ქართული ოცნების“. საუბარი, რომ ვიღაც ვიღაცას მიჰყვება, სახელმწიფოსთვის დამაზიანებელია, ეს არის საპარლამენტო დელეგაცია. თითოეული დელეგაციის წევრი ამ ქვეყანას წარმოადგენს”, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მმართველმა გუნდმა დღევანდელი ბიუროს სხდომაზე ოპოზიციის წარმომადგენლებს შესთავაზა, რომ უკრაინაში გასამგზავრებლად თითო პოლიტიკური ჯგუფიდან იყოს თითო წარმომადგენელი.