ბექა დავითულიანი: მნიშვნელოვანია არა ის, რამდენი ადამიანი მიდის, არამედ ის, რომ უკრაინაში ვიზიტით მიდის საპარლამენტო დელეგაცია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ბექა დავითულიანის განცხადებით, მნიშვნელოვანია არა ის, თუ რამდენი ადამიანი წავა უკრაინაში, არამედ ის, რომ საპარლამენტო დელეგაცია ჩავიდეს.

მისი თქმით, უკრაინაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტის უსაფრთხოება, პროტოკოლი და მონაწილეთა რაოდენობა დამოკიდებულია არა მხოლოდ ქართულ მხარეზე, არამედ იმაზე, რამდენად შეუძლია მასპინძელ მხარეს დიდი დელეგაციის მიღება.

„რა თქმა უნდა, დელეგაცია რაც უფრო წარმომადგენლობითი იქნება, უკეთესია, თუმცა, მოწვევა პარლამენტის თავმჯდომარეს გაეგზავნა და მთავარი მისი ვიზიტია. ამასთან, ვიზიტის უსაფრთხოება, პროტოკოლი და მონაწილეთა რაოდენობა დამოკიდებულია არა მხოლოდ ჩვენზე, არამედ იმაზე, რამდენად შეუძლია მასპინძელ მხარეს დიდი დელეგაციის მიღება. ამ ვითარებაში მთავარია, უკრაინაში საპარლამენტო დელეგაცია ჩავიდეს, ადამიანების რაოდენობას პოლიტიკურ თემად ნუ გადავაქცევთ, საკითხზე რაღაცნაირად უნდა შევთანხმდეთ“, – განაცხადა დავითულიანმა.

შეგახსენებთ, რომ მმართველმა გუნდმა ოპოზიციას უკრაინის დელეგაციაში თანაბარი თანაფარდობით მონაწილეობა შესთავაზა, რომლის მიხედვითაც დელეგაციის 3 წევრი უმრავლესობიდან, 3 კი ოპოზიციიდან იქნებოდა წარმოდგენილი. თუმცა, ოპოზიციაში მმართველი გუნდის შეთავაზება არ გაიზიარეს და განაცხადეს, რომ მათი დელეგაცია უკრაინაში ცალკე წავა. ამას მოჰყვა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადება, რომლის თანახმად „ქართული ოცნება“ მზად არის, საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში ყველა ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფის თითო წარმომადგენელი შევიდეს. საკითხი საბოლოოდ შეთანხმებული ამ დრომდე არ არის.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები