ბლინკენი: უკრაინაში ომის დასრულებამდე ჯერ შორია, კიევი ბრძოლის შემდეგი ეტაპისთვის ემზადება

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით,  მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა კიევის გარეუბნებიდან ჯარები გაიყვანა და უკრაინული სამხედრო ძალების მნიშვნელოვანი გამარჯვება შეინიშნება, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის “დასრულებამდე ჯერ კიდევ შორია”.

ამის შესახებ “ამერიკის ხმა” იტყობინება.

დიპლომატი მიესალმა თეთრი სახლის გადაწყვეტილებას, რომელიც უკრაინას  დამატებით 800 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების თავდაცვით დახმარებას აღმოუჩენს.

ბლინკენმა თქვა, რომ უკრაინა, შეერთებული შტატებისა და მოკავშირეების დახმარებით,  “ბრძოლის ახალი ეტაპისთვის ემზადება”.

”შეერთებულმა შტატებმა, მათმა მოკავშირეებმა და პარტნიორებმა სამხედრო დახმარების გაზრდისთვის ზომები უნდა მიიღონ, რადგან უკრაინა თავისუფლებისა და მომავლისთვის ბრძოლის შემდეგი ეტაპისთვის ემზადება”, – თქვა ბლინკენმა.

აშშ-ის დახმარების რიგით მეშვიდე პაკეტი შეიცავს არტილერიას, ჯავშანტექნიკას, შვეულმფრენებს და სანაპირო თავდაცვის უპილოტო აპარატების მიწოდებას; ასევე, სამხედრო დამხმარე აღჭურვილობას, ტანკსაწინააღმდეგო იარაღს, სარადარო აღჭურვილობას, ტაქტიკურ დრონებს, ჯავშანტექნიკას და სამხედრო – სამედიცინო აღჭურვილობას.

ბლინკენის თქმით, ახალი პაკეტის ჩათვლით, აშშ-მა უკრაინას  უკვე 3,2 მილიარდი დოლარზე მეტი ღირებულების დახმარება გაუწია, მათ შორის, 2,5 მილიარდ დოლარზე მეტი კიევმა რუსეთის შეჭრის შემდეგ მიიღო.

„შეერთებული შტატები და საერთაშორისო საზოგადოება პუტინის ომს, კრემლის გრძელვადიან სტრატეგიულ მარცხად გადააქცევს“, – დასძინა სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები