მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ მზად არის, საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში ყველა ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფის თითო წარმომადგენელი შევიდეს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ მზად არის, საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში ყველა ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფის თითო წარმომადგენელი შევიდეს.

როგორც მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ აღნიშნა, მმართველი გუნდი გაკვირვებულია, რომ დელეგაციის საკითხი რაოდენობამდე დავიდა.

„დაახლოებით, ერთი საათის წინ საუბარი მქონდა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან და პარტიის თავჯდომარე ირაკლი კობახიძესთან. ვისაუბრეთ ამ თემაზე და გუნდში გაკვირვებულები ვართ, რომ რაოდენობამდე დავიდა საკითხი – სამი, ოთხი, ექსი თუ შვიდი. ამ შემთხვევაში მათი აზრიც ვიცი და მაქვს შესაბამისი ლეგიტიმაცია, რომ ეს ვთქვა: თუ რეალურად რაოდენობაზეა ლაპარაკი და ამის გამო ამბობენ ისინი უარს, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, მოვუბოდიშოთ, ძალიან გულწრფელად ჩვენს თანაგუნდელებს, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, უამრავს, რომლებსაც ასევე უნდათ წამოსვლა (იმ სამი ადამიანის გარდა, სტატუსების მიხედვით პროტოკოლური ამბებიც ხომ გვაქვს) და ვუთხრათ ჩვენს ოპოზიციას: კი ბატონო, რამდენი პოლიტიკური ჯგუფიც ხართ, ვინც გამოთქვამს მზადყოფნას, წამობრძანდით თითო“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ მმართველმა გუნდმა ოპოზიციას უკრაინის დელეგაციაში თანაბარი თანაფარდობით მონაწილეობა შესთავაზა, რომლის მიხედვითაც დელეგაციის 3 წევრი უმრავლესობიდან, 3 კი ოპოზიციიდან იქნებოდა წარმოდგენილი. თავის მხრივ, ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მათი დელეგაცია უკრაინაში ცალკე წავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები