არჩილ თალაკვაძე – „ნაციონალურ მოძრაობას“ ეგონა, რომ ოპოზიციაში მონოპოლია ჰქონდა
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, თუ რომელიმე ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობისა“ და ამ რადიკალური ბანაკის შანტაჟს დაექვემდებარება, მომავალს გაინადგურებენ.
როგორც თალაკვაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ ოპოზიციაზე საუბრისას აღნიშნა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ოპოზიციაში მონოპოლია დაკარგა და აგრესიული გახდა.
„თუ რომელიმე ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ და ამ რადიკალური ბანაკის შანტაჟს დაექვემდებარება, თუ ის ოპოზიციური პარტიები, რომლებსაც აინტერესებთ ნამდვილად ევროპული პოლიტიკა, ნამდვილად ოპონირება, ნამდვილად დებატები, ნამდვილად არჩევნები მომავალში ამას დაექვემდებარებიან, ჩვენ კი არა, პირველ რიგში ისინი დაზარალდებიან, იმიტომ რომ მომავალს გაინადგურებენ.
„ნაციონალური მოძრაობა“ ამიტომ არის დღეს ცუდ ხასიათზე და ამიტომ იყო ცუდ ხასიათზე 2020 წლის არჩევნების მერე, რომ მათ ეგონათ, რომ ჰქონდათ მონოპოლია ოპოზიციაში. ანუ, ისინი იყვნენ დირიჟორები, დამფინანსებლები, გამშუქებლებიც. როცა დაკარგეს ეს მონოპოლია, უკვე გახდნენ აგრესიულები და ცდილობდნენ ყველაფრის ბლოკირებას. ეს იყო და ეს. მაგრამ დემოკრატიულმა რეფორმებმა, არჩევნებმა, დაფინანსების ახალმა მოდელმა, საერთაშორისო პარტნიორების ჩართვამ ეს დღის წესრიგი დაანგრია და გაკოტრებულად გამოაცხადა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.