არჩილ თალაკვაძე: ბაკურიანში იყო სასოწარკვეთილი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების შეკრება

ჩვენი გადმოსახედიდან, ბაკურიანში იყო სასოწარკვეთილი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების შეკრება, სადაც ისინი ფიქრობდნენ და მსჯელობდნენ, რომ ამდენ არჩევნებში წაგებისა და დამარცხების შემდეგ, როგორ შემოუარონ გვერდიდან საარჩევნო ყუთს და როგორ შევიდნენ ოთახში, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, ბაკურიანში შეკრებილი პარტიები ყოველდღე ცდილობენ, სად ჩამოქაჩონ სახელმწიფო, სად დააზიანონ ხელისუფლება და სად მოატყუონ საზოგადოება.

„რამდენადაც ჩვენ ვიცით, იყო ასეთი კურიოზული მომენტი, როდესაც დაიწყეს გარჩევა და განხილვა იმისა, თუ როგორ დაასრულონ ტირანია და სავარაუდოდ, ჩამოთვალეს მეთოდები. ერთ-ერთმა პატიოსანმა მონაწილემ იკითხა, საქართველოში სად არის ტირანია და რომელ ტირანიაზე ვსაუბრობთო. ეს ადამიანი როგორც ჩანს, ვერ ჩაჯდა იმ სიტუაციაში და როგორც ჩვენ ვიცით, ტრენინგიდან გარიცხეს. სიმართლე გითხრათ, რომც არ ყოფილიყო ეს ისტორია, რომც არ მოეყოლათ ეს, იმდენად ბუნებრივად გამოიყურება ეს ამბავი, რეალურად ვითარება დაახლოებით ასეთი იქნებოდა. ჩვენი გადმოსახედიდან, ბაკურიანში იყო სასოწარკვეთილი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების შეკრება, სადაც ისინი ფიქრობდნენ და მსჯელობდნენ, რომ ამდენ არჩევნებში წაგებისა და დამარცხების შემდეგ, როგორ შემოუარონ გვერდიდან საარჩევნო ყუთს და როგორ შევიდნენ ოთახში. დაადასტურეს, რომ იყო ასეთი შეკრება.

შინაარსიც პრაქტიკულად დადასტურებულია, თუ რაზე იყო იქ მსჯელობა და რაზე მიმდინარეობდა ე.წ. ტრენინგი. ეს ტრენინგი მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდასაჭერად რომ არ იქნებოდა, მგონი ამაში ეჭვი არავის ეპარება. ის პარტიები ყოველდღე ცდილობენ, სად ჩამოქაჩონ სახელმწიფო, სად დააზიანონ ხელისუფლება, სად მოატყუონ საზოგადოება და ახლა გვიმტკიცებენ, რომ ბაკურიანში შეიკრიბნენ მშვიდობისა და სტაბილურობის, საქართველოს ხელისუფლების იმ მიზნების მხარდასაჭერად, რასაც მთელი საზოგადოება უჭერს მხარს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები