უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში ლარი გამყარებას განაგრძობს

   თებერვლის დასაწყისიდან ეროვნული ვალუტის გამყარების ტენდენცია შეიმჩნევა. ლარი ძირითადად უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში განაგრძობს გამყარებას. ექსპერტის სოსო ცისკარიშვილის შეფასებით, ლარის კურსის გამყარებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სახელმწიფო ვითარებას აკონტროლებდა და ამ მხრივ, საგანგაშო არაფერი ყოფილა. როგორც ცისკარიშვილმა “კვირასთან“ საუბრისას განაცხადა, თავის დროზე აჟიოტაჟი, რაც ლარის კურსის ინფლაციასთან დაკავშირებით ისმოდა, გადამეტებული იყო. მისივე თქმით, სხვადასხვა ქვეყანაში ეროვნული ვალუტის კურსი ამა თუ იმ ვალუტასთან მიმართებაში, საერთაშორისო ბაზარზე არსებული ფონის გათვალისწინებით მერყეობს, რაც ქართული ლარის შემთხვევაშიც მოხდა.
1503713_217521101787414_90119779_n“ამ სფეროში არსებული საერთაშორისო ვითარება ლარის კურსის დაცემის სამართლიანობაში გვარწმუნებდა, რადგან ჩვენს ვალუტაზე უარეს დღეში რუსული რუბლი აღმოჩნდა, ისე როგორც სხვა ვალუტები. ვფიქრობ, ხელისუფლების ოპონენტებმა ლარის გაუფასურების თემა ზედმეტად გაამწვავეს. არსებული რეალობა კი გვიჩვენებს, რომ ხელისუფლება სიტუაციას აკონტროლებს და პანიკის საფუძველი არ არსებობს“, – განუცხადა “კვირას“ სოსო ცისკარიშვილმა.
ექსპერტის თქმით, საქართველოს ეროვნულ ბანკს საკმარისზე მეტი რესურსი აქვს, იმისთვის, რომ ლარის კურსის სტაბილურობაზე გავლენა მოახდინოს. ლარის კურსის გამყარების ფაქტს დღეს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადურიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ლარის კურსის ვარდნა დროებითი მოვლენა იყო. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ყველა უნდა შეთანხმდეს, რომ კონკრეტული პროგნოზების გაკეთება არც ექსპერტების, არც მთავრობისა და ეროვნული ბანკის მხრიდან მიზანშეწონილი არ არის. “ამ პროცესზე არ შეიძლებოდა ყოფილიყო ძალიან დიდი აქცენტი გადატანილი. ყველაფერი ხდება, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში. ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ ყველა მაკროეკონომიკური და ეკონომიკური ფაქტორი მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოში ლარის კურსის გაუფასურება არ იქნებოდა ხანგრძლივი პროცესი”, – განაცხადა ხადურმა.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის განცხადებით კი, ყველა ფაქტორი, რომელიც ლარის გაუფასურებაზე გავლენას ახდენდა, ამოწურულია. “ძირითადი ფაქტორები, რამაც ლარის კურსზე გავლენა მოახდინა, არის შერბილებული მონეტარული პოლიტიკა და ექსპანსიური ფისკალური პოლიტიკა, რაც ამ დროისთვის შეჩერებულია“, – აღნიშნა გიორგი ქადაგიძემ.
შეგახსენებთ, რომ ლარის გაუფასურება შემოდგომიდან დაიწყო და პიკს იანვარში მიაღწია, წლიურმა დევალვაციამ კი, დაახლოებით, 7% შეადგინა.
ამ დროისთვის დედაქალაქის სავალუტო ჯიხურებში ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 1.73/1.74-ს, ხოლო ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, 1.76-ს შეადგენს.

                                                                                                                                                                                                                  მარიამ ზედგინიძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები