მიხეილ სააკაშვილი – სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ნათლად იკითხება, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უკვე ყველა წითელი ზღვარი გადაკვეთა

ნათლად იკითხება, რომ „ქართულმა ოცნებამ“ (და არა, ქართველმა ხალხმა) უკვე ყველა წითელი ზღვარი გადაკვეთა, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს.

მისი თქმით, აღნიშნული ანგარიში უმძიმესი და საგანგაშოა.

„სახელმწიფო დეპარტამენტის მოხსენება, რომელიც სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა წარადგინა, უმძიმესი და საგანგაშოა. პრაქტიკულად, ყველა მიმართულებით კატასტროფა გვაქვს.

ჩემი საქმე შეტანილია წამებისა და არაადამიანური მოპყრობის თავში, რაც უკვე ცალკე შემდგარი უმძიმესი შეფასებაა. ამ თავში ჩემს მიმართ მოპყრობის კონტექსტში არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ხსენებაც კი უმძიმესი დარტყმაა ხელისუფლებისთვის.

ამას გარდა, სახდეპი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას პირდაპირ და ცალსახად უკავშირებს ჩემს მიმართ არაადამიანური მოპყრობის საქმეზე დაწყებულ გამოძიებას.

დასკვნაში ცალკეა ჩამოთვლილი პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები, მათ შორის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის, კეზერაშვილის საქმეები.

პრაქტიკულად მიწასთანაა გასწორებული სასამართლო ხელისუფლება და მას პირდაპირ უწოდებენ კლანს, რომელიც დგას კორუფციასა და მთავრობის მორჩილებაზე.

დასკვნა ბევრი სხვა მიმართულებითაც უკიდურესად კრიტიკული და მწვავეა და ნათლად იკითხება, რომ „ქართულმა ოცნებამ“ (და არა, ქართველმა ხალხმა) უკვე ყველა წითელი ზღვარი გადაკვეთა“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოს ქვეყნებში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ მდგომარეობაზე ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საქართველოში არსებული მდგომარეობაცაა მიმოხილული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები