„ლელო“ მზადაა, უკრაინაში როგორც პარლამენტის თავმჯდომარის, ისე ოპოზიციური პარტიების დელეგაციასთან ერთად მიიღოს მონაწილეობა
ჩვენი წარმომადგენელი მზად იქნება მონაწილეობა მიიღოს როგორც ოპოზიციური პარტიების დელეგაციაში, ისე პარლამენტის თავმჯდომარის დაგეგმილ ვიზიტში უკრაინაში, – ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ განცხადებას ავრცელებს.
მათივე ცნობით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის უკრაინაში ვიზიტი უნდა გახდეს უდიდეს განსაცდელში მყოფი უკრაინელი ხალხისადმი სრულიად საქართველოს თანადგომის უპირობო დემონსტრირების დასაწყისი.
„საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან და ზოგადსაკაცობრიო იდეალებიდან გამომდინარე, უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული აგრესიის დაწყების პირველი დღიდან ლელო აქტიურად მონაწილეობს უკრაინის მხარდასაჭერ ყველა ღონისძიებაში, მიუხედავად მათი ორგანიზატორისა და ფორმატისა.
ვთვლით, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის უკრაინაში ვიზიტი უნდა გახდეს უდიდეს განსაცდელში მყოფი უკრაინელი ხალხისადმი სრულიად საქართველოს თანადგომის უპირობო დემონსტრირების დასაწყისი. სამწუხაროდ, ეს ხდება თვენახევრის დაგვიანებით და ქვეყნის საერთაშორისო იმიჯისთვის მიყენებული უდიდესი ზიანის შემდეგ, რომელსაც გამოსწორება სჭირდება, მათ შორის, ჩვენი ძალისხმევითაც.
შესაბამისად, ჩვენი წარმომადგენელი მზად იქნება მონაწილეობა მიიღოს როგორც ოპოზიციური პარტიების დელეგაციაში, ისე პარლამენტის თავმჯდომარის დაგეგმილ ვიზიტში უკრაინაში“, – აღნიშნულია პარტიის განცხადებაში.