კობახიძე: არ არის გამორიცხული, ორი სხვადასხვა დელეგაცია შედგეს
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, უკრაინაში შესაძლოა, ორი სხვადასხვა დელეგაცია გაემგზავროს – პარლამენტის თავმჯდომარის და სხვა.
მისი განმარტებით, საპარლამენტო და პარლამენტის თავმჯდომარის დელეგაციები აბსოლუტურად განსხვავებული ფორმატებია.
„ზოგადი პრაქტიკაა, რომ პარლამენტის თავმჯდომარის დელეგაცია არ არის ხოლმე მეტისმეტად ფართო. შესაბამისად, ამ კუთხით დელეგაციის შემადგენლობა გადაიხედება. რაც შეეხება მეორე საპარლამენტო დელეგაციას, რომელიც შეიძლება, შედგეს, ამის უფლება აბსოლუტურად ყველა პარლამენტარს აქვს.
როდესაც პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი ხორციელდება, ამ დროს დელეგაციას თავად პარლამენტის თავმჯდომარე ადგენს. შესაბამისად, ეს შალვა პაპუაშვილის პრეროგატივაა. როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე პარლამენტის სახელით მიდის სხვა ქვეყანაში, ეს უკვე პარლამენტის თავმჯდომარის დელეგაციაა, რომელიც აბსოლუტურად განსხვავებული, სპეციფიკური ფორმატია. პარლამენტის თავმჯდომარის პრეროგატივაა, თუ როგორ ჩამოაყალიბებს დელეგაციას. როგორც არ უნდა ჩამოყალიბდეს პარლამენტის თავმჯდომარის დელეგაცია, ეს არ უზღუდავს არცერთ პარლამენტარს, არცერთი პოლიტიკური ჯგუფიდან იმის საშუალებას, რომ საპარლამენტო დელეგაციის ფარგლებში უკრაინაში გაემგზავროს. უკრაინიდან საერთო მოწევა არის გამოგზავნილი, ზოგადად, პარლამენტარებზე. შესაბამისად, ისიც არ არის გამორიცხული, რომ ორი სხვადასხვა დელეგაცია შედგეს, პარლამენტის თავმჯდომარის და სხვა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.