გიორგი ამილახვარმა, მიხეილ სარჯველაძემ და ვალერიან გობრონიძემ სკოლის მიღმა დარჩენილ ბავშვებთან დაკავშირებით არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი ამილახვარმა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ვალერიან გობრონიძესთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.
პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების ზოგადი განათლებით უზრუნველყოფის საკითხზე იმსჯელეს.
„განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პერმანენტულად მუშაობს იმისათვის, რომ სწრაფად და დროულად ხდებოდეს ასეთი კატეგორიის ბავშვების იდენტიფიცირება და მათი უზრუნველყოფა საგანმანათლებლო სერვისებით”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
კომიტეტების თავმჯდომარეების თქმით, შეხვედრაზე საკითხის შემდგომი შესწავლისა და შესაბამისი კვლევების გაგრძელების საჭიროებაც გამოიკვეთა.
„დეტალურად გავიარეთ სტატისტიკა და სიები, რომელიც სკოლის მიღმა დარჩენილ ბავშვებს ეხება. გამოიკვეთა რიგი მიმართულებები, რომელზეც საჭიროა მუშაობის გაგრძელება. დავგეგმეთ შემდეგი ნაბიჯები იმისათვის, რომ არცერთი ბავშვი არ დარჩეს ზოგადი განათლების გარეშე”, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.