“საკმარისი რაოდენობის მარცხი დაგვიგროვდა, რომ აქედან დასკვნა გამოგვეტანა” – რომან გოცირიძე – “გირჩს”

“ოპოზიციის მიერ პარლამენტის დატოვების შემდეგ რა ხდება, ეს კი არ არის მნიშვნელოვანი, არამედ ოპოზიციამ უნდა დაამტკიცოს, რომ პარლამენტში ყოფნა არის რაიმეს მომცემი” – დაახლოებით ასეთი იყო ეკა კვესიტაძისა და “გირჩის” წუხანდელი საუბრის მთავარი დედააზრი. მტკიცებულებათა ტვირთის უცნაური გადანაწილების მოდელი იქნა შემოთავაზებული”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, შეძახილი “დატოვეთ პარლამენტი” კიდევ კარგა ხანს იქნება აქტუალური.

“ოპოზიციამ, რომელმაც ვერ შეძლო საპროტესტო ტალღის აგორება, რომელმაც ვერ შეძლო ამომრჩევლის საკმარისი ნდობის მოპოვება, რომ ხელისუფლება შეეცვალა თუნდაც გაყალბებული არჩევნების პირობებში, რაღაცით ხომ უნდა იმართლოს თავი? ახლა თავის მართლების მოდური საბაბი გახდა პარლამენტში ოპოზიციის შესვლის ფაქტი. თურმე პარლამენტია ყველაფერში დამნაშავე, თურმე გამარჯვებაში ხელს უშლიან ის ადამიანები, რომლებიც პარლამენტს ვერ ელევიან. დატოვებს ოპოზიცია პარლამენტს და ყველაფერი სხვანაირად იქნება. “პარლამენტი ოპოზიციის გარეშე”! – ესაა თურმე გამარჯვების ფორმულა.

არ იყო ოპოზიცია მთელი წლის განმავლობაში პარლამენტში და რატომ არ იყო ყველაფერი სხვანაირად? იქნებ პირიქითაა – ოპოზიციამ რომ დააკნინა პარლამენტის როლი, ხელიდან გაუშვა საპარლამენტო ბერკეტები, ამით დაასუსტა საკუთარი თავი და ახლა იმკის შედეგებს?

“ოპოზიციის მიერ პარლამენტის დატოვების შემდეგ რა ხდება, ეს კი არ არის მნიშვნელოვანი, არამედ ოპოზიციამ უნდა დაამტკიცოს, რომ პარლამენტში ყოფნა არის რაიმეს მომცემი” – დაახლოებით, ასეთი იყო ეკა კვესიტაძისა და “გირჩის” წუხანდელი საუბრის მთავარი დედააზრი. მტკიცებულებათა ტვირთის უცნაური გადანაწილების მოდელი იქნა შემოთავაზებული.

“დავტოვოთ არალეგიტიმურად ეს ხელისუფლება და ყველაფერი მოგვარდება”! “ეს ხელისუფლება არჩევნებით ვერ შეიცვლება”! ეს და მსგავსი ლოზუნგები ვნებს პოლიტიკურ პროცესს, აჩენს ნიჰილიზმს და ხელს უწყობს არასწორი ორიენტირების დასახვას.

ოპოზიციის პარლამენტში ყოფნის საწინააღმდეგო მთავარი და გულუბრყვილო არგუმენტი არის ის, რომ თურმე საპარლამენტო მუშაობა ხელს უშლის ხელისუფლების სწრაფ ცვლილებას.

თუ არ წავა ეს ხელისუფლება არჩევნებით, რა გიშლის ხელს, გაუშვი მაშინ არაარჩევნებით? არ გამოდის? რატომ არ გამოდის ამაზე პასუხი არ არის ან თუ არის, არასწორი პასუხია. რაღაც ახსნა ხომ უნდა მოუძებნონ და პოულობენ კიდევაც არგუმენტების ისეთ კონსტრაციას, როცა დამნაშავე არის “გარე ფაქტორი” და არა “შიდა”. ახლა ეს განტევების ვაცი-ფაქტორი ოპოზიციის პარლამენტში ყოფნაა.

ანტისაპარლამენტო რიტორიკის მთავარი ქვეტექსტი ისაა, რომ თურმე “საპარლამენტო რუტინა” ხელს უშლის ქუჩის მასობრივ საპროტესტო აქციებს და შესაბამისად რიგგარეშე არჩევნების მომწიფებას.

როდესაც მრავალფაქტორიანი პრობლემა დაგყავს ერთ, მეტად არასერიოზულ ფაქტორამდე, ეს იმას ნიშნავს, რომ არა გაქვს სწორად გააზრებული მოვლენის არსი და შესაბამისად ვერც სწორი გზის დასახვის უნარი გაგაჩნია, საბოლოო ჯამში კი ეს მორიგ მარცხს ნიშნავს.

დამარცხების ფორმულის ძიებაში ვართ გამუდმებით, როცა გამარჯვების ფორმულისათვის უნდა მიგვეგნო. ცუდია ისაა, რომ დამარცხების მიზეზებიც სწორად ვერ აგვიხსნია ამდენი წელია. არა და, საკმარისი რაოდენობის მარცხები დაგვიგროვდა, რომ აქედან დასკვნა გამოგვეტანა.

შეძახილი “დატოვეთ პარლამენტი” კიდევ კარგა ხანს იქნება აქტუალური. რაღაც მომენტში მართლა დავტოვებთ, მაგრამ მერე ესეც მარცხის მიზეზად იქნება დასახელებული. “დროზე რომ დაეტოვებინათ, ეს არ მოხდებოდა”! ასეთი იქნება პოსტფაქტუმ აღმოჩენილი “მარცხის ფორმულა”.

სინამდვილეში, საქმე ასე ფატალურად სულაც არ არის. ეს ხელისუფლება უკვე წასულია (როგორც იტყვიან, დროის საკითხია), ისევ ჩვენ თუ არ შევუწყვეთ ხელი დარჩენაში. თუ ასე მოხდა, ეს ის შემთხვევა იქნება, როცა მმართველმა პარტიამ კი არ გაიმარჯვა, არამედ ოპოზიციამ წააგო”, – წერს გოცირიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები