რუსეთმა უკრაინაში „ქართული ლეგიონის“ მეთაურის, მამუკა მამულაშვილისა და სხვა პირების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, გამოძიება რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით (დაქირავებული მებრძოლების გადაბირება და მათი შეიარაღებულ კონფლიქტში ჩართვა) და 282-ე მუხლის მეორე ნაწილით (სამხედრო მოსამსახურეების სოციალური ჯგუფის მიმართ სიძულვილის გაღვივება) მიმდინარეობს.
გამოძიების თანახმად, საქართველოს მოქალაქე მამუკა მამულაშვილმა უკრაინის ტერიტორიაზე შექმნა შეიარაღებული ფორმირება და ლიდერის როლს ასრულებდა. მამულაშვილმა თავისსავე საქმიანობაში, სულ მცირე, საქართველოს 24 მოქალაქე ჩართო და უკრაინის ტერიტორიასა და ე.წ. ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკებში რუსული შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ მოქმედებდნენ.
ამასთან, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებაში ნათქვამია, რომ ინტერნეტში განთავსდა მამუკა მამულაშვილის ინტერვიუ, სადაც იყო უკრაინაში სპეცოპერაციაში მონაწილე რუსი სამხედრო მოსამსახურეების მიმართ დესტრუქციული და ძალადობრივი ქმედებებისკენ მოწოდებები.
საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში ასევე გამოვლინდა უკრაინის ტერიტორიაზე „ქართული ეროვნული ლეგიონის“ საქმიანობაში მონაწილე სხვა პირები, ასევე დაქირავებულთა სხვა ქვედანაყოფები. საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, მათ ქმედებებს გამოძიება სისხლისსამართლებრივ შეფასებასაც მისცემს.