ბექა ოდიშარია: შევთანხმდით, რომ პარლამენტიდან უკრაინაში ერთი დელეგაცია გაემგზავრება
პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ბექა ოდიშარიას განცხადებით, უკრაინაში საქართველოს პარლამენტიდან ერთი დელეგაცია გაემგზავრება.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ უკრაინაში ჩასვლა გაერთიანებულ ფორმატში მოხდეს.
“რაზეც შევთანხმდით ვერბალურად, ის არის, რომ ერთი დელეგაცია გაემგზავრება საქართველოს პარლამენტიდან, რაც, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია იმის ხაზგასასმელად, თუ რამდენად მოზიარე არის საქართველო ასეთი გაჭირვების დღეებში უკრაინის ხალხისა და ხელისუფლების. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება მიღებულია,” – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინაში მმართველი პარტიიდან დეპუტატები: არჩილ თალაკვაძე, ბექა ოდიშარია და დავით სერგეენკო გაემგზავრებიან, ხოლო ოპოზიციიდან – გიორგი ვაშაძე, ხატია დეკანოიძე, ლევან იოსელიანი. თუმცა, სია ჯერ კიდევ ზუსტდება. საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ბუჩაში, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირის ბოლოს გაემგზავრება.