უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესია მსოფლიო ვაჭრობის ზრდას შეამცირებს.
ამის შესახებ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის, ვაჭრობაზე ომის გავლენებთან დაკავშირებით გაკეთებულ ანალიზშია ნათქვამია.
აღინიშნება, რომ უკრაინის ომმა არა მხოლოდ უზარმაზარი მასშტაბის ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვია, არამედ სერიოზული დარტყმა მიაყენა გლობალურ ეკონომიკას.
ვაჭრობისა და წარმოების შემცირება, სავარაუდოდ, გავლენას მოახდენს მთელს მსოფლიოზე და მის შედეგებს ქვეყნების მოსახლეობა საკვებისა და ენერგორესურსებზე ფასების ზრდითა და საქონლის დეფიციტით იგრძნობს.
WTO-ში პროგნოზირებენ, რომ კრიზისმა შესაძლოა, შეამციროს გლობალური მშპ-ის ზრდა 0,7-1,3 პროცენტული პუნქტით, და 2022 წელს ზრდა 3,1%-დან 3,7%-მდე იქნება.
ასევე მოსალოდნელია, რომ მსოფლიო ვაჭრობის ზრდა წელს შესაძლოა, თითქმის განახევრდეს 2,4-3%-მდე.
„მიუხედავად იმისა, რომ რუსეთისა და უკრაინის წილი მთლიან მსოფლიო ვაჭრობასა და წარმოებაში შედარებით მცირეა, ისინი ძირითადი პროდუქტების, განსაკუთრებით, საკვებისა და ენერგიის მნიშვნელოვანი მიმწოდებლები არიან. ორივე ქვეყანა აწვდიდა მსოფლიოს ხორბლის, დაახლოებით 25%-ს, ქერის 15%-ს და მზესუმზირის 45%-ს. 2019 წელს მხოლოდ რუსეთზე მოდიოდა გლობალური საწვავით ვაჭრობის 9,4%, მათ შორის, ბუნებრივი აირის ექსპორტის 20%”, – აღნიშნულია ანგარიშში.
ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ეკონომიკური ზემოქმედების დიდ ტვირთს, მაღალი ალბათობით, ევროპა იგრძნობს, რომელიც როგორც რუსული, ისე უკრაინული ექსპორტის მთავარი მიმართულებაა.
„აფრიკა და ახლო აღმოსავლეთი ყველაზე დაუცველი რეგიონებია, რადგან მათ მარცვლეულის 50%-ზე მეტი იმპორტი აქვთ უკრაინიდან და/ან რუსეთიდან. აფრიკის 35 ქვეყანას უკრაინიდან შეაქვს საკვები და 22 ქვეყანას სასუქი”, – ნათქვამია ანგარიშში.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge