რა გახდა სიგუას გათავისუფლების მიზეზი – არაეფექტური მუშაობა თუ „კაზანტიპი“ და საუბრები სექსზე?

რა გახდა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსის გიორგი სიგუას თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზი? – სიგუას სკანდალური განცხადებები და თანამდებობისთვის შეუფერებელი ქმედებები, თუ ტურიზმის დეპარტამენტის არაეფექტური მუშაობა. „კვირა“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ბოლო პერიოდის აქტივობით დაინტერესდა. მიუხედავად იმისა, რომ ტურისტული სეზონი აქტიურ ფაზაშია, ვებგვერდზე დაგეგმილი, ან განსახორციელებელი პროექტების შესახებ ინფორმაცია არ იძებნება. ვებგვერდი საქართველოში მოგზაურობის მსურველი ტურისტების გზამკვლევი ვერ გახდება, რადგან მასზე სიახლეების შესახებ ინფორმაცია განთავსებული არ არის.
10587253_10203237702521065_804234768_oროგორც „კვირას“ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილმა თავმჯდომარემ მაია სიდამონიძემ განუცხადა, ვებგვერდი გიორგი სიგუას ხელმძღვანელად მოსვლის შემდეგ შეიქმნა.
„ჩემი ხელმძღვანელობის პერიოდში სხვა ვებგვერდი იყო, თუმცა მას შემდეგ, რაც სიგუა დაინიშნა, მან ახალი ვებგვერდი შექმნა. ერთი წლის განმავლობაში ძალიან ძნელია ადამიანის მიღწევების შეფასება, რადგან ეს არის პერიოდი, როცა ის ეცნობა გარკვეულ საკითხებს, იღებს გადაწყვეტილებებს და მათ განხორციელებას იწყებს. სიგუამ სამოქმედო გეგმა საბოლოოდ სულ ახლახან გაწერა და გუნდი ჩამოაყალიბა. ალბათ, მომავლში უფრო დავინახავდით მის აქტივობას, თუმცა მან გარკვეული რუტინული მიმართულებები გააგრძელა. მისი ახალი ინიციატივებიდან მნიშვნელოვანი იყო ფესტივალ „კაზანტიპის“ საქართველოში ჩატარება. ეს სამეგრელოს 10569221_913252578702759_1716893106_nრეგიონისთვის და ანაკლიისთვის მნიშვნელოვანი იქნება“, – აღნიშნა მაია სიდამონიძემ.
ქართული ტურიზმის განვითარების მდგომარეობას არასახარბიელოდ მიიჩნევს დარგის პროფესორი, სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის კათედრის ხელმძღვანელი მაია მარგველაშვილიც.
მისი თქმით, ქვეყანაში, ძირითადად, მიმდინარეობს ტურისტული მარკეტინგის დაგეგმარება, პიარი და პრომოუშენი, რაც კარგია, თუმცა რეალურად არ არსეობობს სახელმწიფო ხედვა ტურიზმის შესახებ და სამოქმედო გეგმა. „სახელმწიფოს მხრიდან ტურიზმის დარგის პოლიტიკა და ხედვა შესამუშავებელია. გასაკეთებელია მასტერპლანი, რაც გულისხმობს დაწვრილებით გეგმას ყველა დონეზე, ყველა კუთხე-კუნჭულის, რეგიონის, დაბის კონკრეტულ გეგმას. ეს ყველაფერი შესაფასებელია მეცნიერული კუთხით და დასადგენია, სად რა სჭირდება ქვეყანას – რა ინფრასტრუქტურა, ან რესურსი იმისთვის, რომ ქვეყანაში ტურიზმი განვითარდეს. ასეთი მასტერპლანი ჯერჯერობით არ არსებობს. სახელმწიფოს მხრიდან დაგეგმვა, ძირითადად, მიმდინარეობს მარკეტინგული კუთხით, ხდება პიარი, პრომოუშენი, ქვეყნის წამოწევა წინა პლანზე, ცნობადობის ამაღლება მსოფლიო ტურისტულ სივრცეში. ეს არის კარგი და წინგადადგმული ნაბიჯი“, – განმარტა პროფესორმა მარგველაშვილმა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს გიორგი სიგუას თანამდებობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილების მიღებამდე მის გამო ბოდიშის მოხდა მოუწია. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსმა სიგუამ ელექტრონული საცეკვაო მუსიკის ფესტივალ „კაზანტიპთან“ დაკავშირებით გამართული დისკუსიის დროს ერთ-ერთ ქალბატონს, მარინა თოდუას ჰკითხა, ჰქონია თუ არა სექსი პლაჟზე. აღნიშნული არაეთიკური შეკითხვის გამო ბოდიში ჯერ ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ხოლო შემდეგ თავად სიგუამ მოიხადა. მან ბოდიში იმის გამოც მოიხადა, რომ მისი საქციელის გამო ბოდიშის მოხდა მინისტრს მოუწია. ამის შემდეგ ეკონომიკის სამინისტრომ გიორგი სიგუას თავმჯდომარეობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო და მიზეზად მის მიერ განხორციელებული თანამდებობისთვის შეუფერებელი ქმედებები დაასახელა.
„სამინისტროს ხელმძღვანელობის მხრიდან სხვადასხვა დროს გიორგი სიგუას არაერთხელ მიეცა ზეპირი გაფრთხილება მის მიერ განხორციელებული სამსახურის ხელმძღვანელისთვის შეუფერებელი ქმედებების გამო და ასევე, სამინისტროს მიერ საბოლოოდ მიღებული გადაწყვეტილება მისი გათავისუფლების თაობაზე გიორგი სიგუასთვის იყო ცნობილი“, – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.
აღნიშნულის შემდეგ სიგუა გათავისუფლების კონკრეტულ მიზეზებზე არ საუბრობს, მაგრამ ადასტურებს, რომ გიორგი კვირიკაშვილს მისთვის ზეპირი შენიშვნა არაერთხელ მიუცია. ამასთან, როგორც ჩანს, სიგუა მის მიერ ქალბატონისთვის დასმულ კითხვას არაეთიკურად არ მიიჩნევს. მან აღნიშნა, რომ ეგონა ქვეყანაში სექსი იყო, და თუ არ არის, ესე იგი შეცდა. „კვირიკაშვილს ჩემთვის ზეპირი შენიშვნა არაერთხელ მოუცია, იმიტომ რომ ის ცოტა სხვანაირი ადამიანია და სხვანაირი ადამიანი ვარ მე. თუ მექნება არჩევანი თანამდებობასა და „კაზანტიპს“ შორის, მე ავირჩევ „კაზანტიპს“. მე აქამდე მეგონა, რომ ჩვენს ქვეყანაში სექსი იყო, და თუ არ არის და შევცდი… კი, ბატონო“, – განაცხადა გიორგი სიგუამ.
პროფესორი, სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის კათედრის ხელმძღვანელი მაია მარგველაშვილი აღნიშნავს, რომ ტურიზმი სექსთან გაიგივებული არასოდეს ყოფილა და ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური სფეროა, რომელსაც შეუძლია ქვეყანაში დაძლიოს სიღარიბე და აამაღლოს სოციალური დონე.
„ტურიზმი სრულიად განსაკუთრებული ფენომენია და, პირველ რიგში, მისი მამოძრავებელი და მოტივატორი არის ადამიანების ინტერესი, გაეცნონ სხვა კულტურებს, სხვა საზოგადოებებს, სხვა ხალხებს და შეიცნონ მათი ტარადიციები. არსებობს ტურიზმი ადრენალინის მოყვარულებისათვის, სათავგადასავლო ან ალპინიზმთან გაიგივებული, ბოლო დროს ის კოსმონავტიკასთანაც გაიგივდა. სექსთან ტურიზმი არასდროს არ ყოფილა გაიგივებული. ეს არის ძალიან სერიოზული ეკონომიკის დარგი, მას სჭირდება ფრთხილი დაგეგმვა, მართვა და მოსახლეობის კეთილი განწყობა. შესაბამისად, არ მივესალმები ასეთ განცხადებას. სექსთან და ორგიებთან ტურიზმის ხსენება არ მიმაჩნია სასიამოვნოდ. ეს სერიოზული დარგია. შესაძლოა, ის დაეხმაროს სოციალური დონის ამაღლებას და სიღატაკის დაძლევას სახელმწიფოში. ძალიან ბევრი დადებითი თვისება აქვს“, – აღნიშნა მარგველაშვილმა.
მისივე თქმით, ფესტივალ „კაზანტიპის“ საქართველოში გამართვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე საზოგადოების აზრი უნდა გამოეკითხათ, უნდოდათ თუ არა მათ ფესტივალის საქართველოში ჩატარება. მისი თქმით, თუ საზოგადოება წინააღმდეგია, მაშინ ისინი, როგორც მასპინძლები, ტურისტების მიმართ უხეშობას გამოავლენენ.
„ცნობილია, რომ გიორგი სიგუა არის „კაზანტიპის“ ინიციატორი. ტურიზმი არ არსებობს მთელს მსოფლიოში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გარეშე. ეს არის აუცილებელი კომპონენტი ქვეყანაში ტურიზმის განვითარებისთვის, რომ სრულიად სამოქალაქო საზოგადოება ამა თუ იმ სახელმწიფოსი იყოს ჩართული ამ საქმიანობაში. საზოგადოების აზრი წინასწარ უნდა შესწავლილიყო, უნდა ყოფილიყო მიღებული ყველა მხარის ინტერესი, ხოლო ამის შემდეგ საბოლოოდ უნდა მიღებულიყო გადაწყვეტილება, ჩატარდებოდა თუ არა „კაზანტიპი“ საქართველოში. არ ვიცი, ეს იყო თუ არა ასე გაკეთებული, მაგრამ რასაც ვისმენ და ვკითხულობ, ეჭვი მიჩნდება, რომ საზოგადოების აზრი შეჯერებული არ იყო, რადგან აზრი გაიყო. თუ არ არის აზრი გაზიარებული საზოგადოების თითოეულ წევრამდე, ასეთ შემთხვევაში ტურიზმის უჭირს განვითარება. ჩვენ, ტურისტებიც და მასპინძლებიც ადამიანები ვართ. თუ არ მინდა ასეთი ღონისძიების ჩატარება, მაშინ მოქალაქე ტურისტის მიმართ იქნება უხამსი და უხეში. ეცდება, რაც არ მომწონს, დაგმოს, გააპროტესტოს. ამიტომ წინასწარ უნდა შესწავლილიყო, ინიციატივას უჭერდა თუ არა მხარს მოსახლეობა. ამ იდეას კვლევა აკლდა“, – განცხადა პროფესორმა.
მაია მარგველაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სიგუას გათავისუფლების გადაწყვეტილებას სუბიექტური დამოკიდებულების გამო და უმიზეზოდ არ მიიღებდა. ამასთან, ტურიზმის ყოფილი ხელმძღვანელი მაია სიდამონიძეი კი „კვირასთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ გიორგი სიგუას გათავისუფლების მიზეზი შესაძლოა, „კაზანტიპი“ გახდა. მისი თქმით, სიგუა ზოგადად არაორდინალური პერსონაჟია.
„არ გამოვრიცხავ, რომ მისი გათავისუფლების მიზეზი იყოს „კაზანტიპი“. მასთან პირველი შეხვედრის შემდეგ ყველა მიხვდება, რომ ის არაორდინალური პერსონაჟია და თუ ეს მიუღებელი იყო ეკონომიკის სამინისტროსთვის, მინისტრისთვის, ან მოდგილისთვის, მაშინ არც უნდა აეყვანათ და დაენიშნათ პოზიციაზე“, – აღნიშნა სიდამონიძემ. გიორგი სიგუა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას 4 აგვისტოს დატოვებს. სიგუას გათავისუფლებასთან დაკავშირებით ეკონომიკის სამინისტრომ წერილობით უკვე აცნობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები