არჩილ თალაკვაძე: ჩვენი გუნდი მზად არის, ჩავიდეს უკრაინაში, რათა კიდევ ერთხელ გამოხატოს პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერა

ჩვენი საპარლამენტო გუნდი, ჩვენი პოლიტიკური, სახელისუფლებო გუნდი მზად არის, ჩავიდეს უკრაინაში, რათა კიდევ ერთხელ გამოხატოს პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერა, ასევე, გამოთქვას სამძიმარი იმ ტრაგედიის, მძიმე ადამიანური ტრაგედიის გამო, რასაც განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ვხედავთ მედიაში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინაში ის პირები ჩავლენ, ვისაც უკრაინასთან ურთიერთობები უშუალოდ ეხება და ვინც შეძლებს, საკუთარი პოზიცია სათანადო დონეზე გამოხატოს.

“თუ ვინ წავა, ამას თავად ვიზიტთან დაკავშირებით, ჩვენი ქვეყნის პოზიციასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ, როგორც ქვეყნის წარმომადგენელი დელეგაცია, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ჩავალთ უკრაინაში, რა თქმა უნდა, მეორეხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს. თუმცა გარწმუნებთ, ჩავალთ ის ადამიანები, ვისაც უკრაინასთან ურთიერთობები უშუალოდ გვეხება და ვინც შეძლებს, რომ საკუთარი პოზიცია გამოხატოს სათანადო დონეზე”, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის ვიცესპიკერი უკრაინაში შალვა პაპუაშვილის  ვიზიტის საკითხსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს არასოდეს ჰქონია პრობლემა, უკრაინის, უკრაინელი ხალხის მიმართ გამოეხატა მხარდაჭერა. ხოლო, ჟურნალისტის კითხვაზე, აპირებს თუ არა პაპუაშვილი უკრაინაში გამგზავრებას თალაკვაძემ უპასუხა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ამ საკითხთან დაკავშირებით თავად გააკეთებს განცხადებას, როდესაც საპარლამენტო საქმიანობას დაუბრუნდება.

“პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს არასდროს, არც წარსულში და არც დღეს არ ჰქონია პრობლემა, რომ უკრაინის და უკრაინელი ხალხის მიმართ გამოეხატა მხარდაჭერა, რა თქმა უნდა, ამაში იგულისხმება მზადყოფნაც, სათანადო დროს ის ჩავიდეს უკრაინაში”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები