„ბიბილოვის ე.წ. ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილება გაზრდილია“ – ზაალ ანჯაფარიძე ე.წ. არჩევნების შედეგებზე

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის განცხადებით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში გამართული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები აჩვენებს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის ე.წ. ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილება გაზრდილია. ამის შესახებ ანჯაფარიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ანჯაფარიძე ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში გამართულ, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს გამოეხმაურა.

„ვფიქრობ, კანდიდატების შანსები ე.წ. არჩევნების მეორე ტურზე დაახლოებით თანაბარია. მოქმედი ე.წ. პრეზიდენტის, ბიბილოვის მხარეს ე.წ. ადმინისტრაციული რესურსი და მოსკოვის ღია მხარდაჭერაა. რაც შეეხება გაგლოევს, ბევრისთვის მოულოდნელად მან საკმაოდ შთამბეჭდავი შედეგი აჩვენა და მის მხარეს, თუ შეიძლება, ასე ითქვას, ცხინვალში დარჩენილი მოსახლეობის საპროტესტო ელექტორატი დგას. სამოქალაქო პლატფორმამ, რომელიც ცხინვალის ციხეში მოკლული ჯაბიევის მეუღლის მიერ შეიქმნა, როგორც ჩანს, საკმაოდ სერიოზული მხარდაჭერა მოიპოვა. გაგლოევს ძირითადად მათ მიერ მობილიზებული ხალხი უჭერდა მხარს.

ე.წ. არჩევნების ბოლო შედეგები თუ ნახეთ, გაგლოევმა 9 500 ხმა მიიღო, ბიბილოვმა კი 8 400. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ბიბილოვის ე.წ. ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილება გაზრდილია. შესაბამისად, ის იდეა რაც შემოაგდო, ცხინვალის ჩრდილო ოსეთთან მიერთების თაობაზე ე.წ რეფერენდუმს ჩავატარებო, ამომრჩევლის საკუთარ მხარეზე გადაყვანის მცდელობა იყო. როგორც ჩანს, ეს საკითხი დღის წესრიგიდან არ მოხსნილა. მათი ოფიციოზის განცხადებით, ეს ე.წ. რეფერენდუმი ე.წ. არჩევნების შემდეგ ჩატარდება. თუმცა, აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ამ საკითხს ცხინვალის ე.წ. ხელისუფლება, სავარაუდოდ, მოსკოვთან ათანხმებს. მათ ადვილად შეეძლოთ, რეფერენდუმის თემა საპრეზიდენტო არჩევნებზე მიებათ, ერთი ბიულეტენის დამატება იყო საჭირო. მაგრამ, როგორც ჩანს, მოსკოვიდან ამის თაობაზე მწვანე შუქი ვერ მიიღეს.

რაც შეეხება ე.წ. რეფერენდუმს: ვფიქრობ, თუ ის მაინც ჩატარდა, ამის ალბათობა კი მაღალი იქნება, თუ ბიბილოვმა გაიმარჯვა, სცენარის განვითარების 2 ვარიანტი არსებობს: ერთი ის, რომ ე.წ. რეფერენდუმი ჩატარდეს, ეს მოსკოვში მიიღონ, როგორც განაცხადი, მაგრამ მისი შედეგების რეალიზება, ანუ ცხინვალის რეგიონის რუსეთთან სასწრაფო წესით მიერთება, როგორც ეს ყირიმის შემთხვევაში გააკეთეს, არ იჩქარონ. შეიძლება, ეს თემა საქართველოს ხელისუფლებასთან სავაჭროდ გამოიყენონ – თუ არ გინდათ , რომ ამ რეფერენდუმის შედეგებმა გაგრძელება ჰპოვოს, რაღაც- რაღაც დათმობებზე წამოდითო. მე ამ სცენარს ველოდები“, – განაცხადა ანჯაფარიძემ.

ცნობისთვის, ე.წ. სამხრეთ ოსეთში 10 აპრილს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად, ოქმების 95%-დან ირკვევა, რომ ხმების 36,9%, პარტია “ნიხასის” ლიდერმა, ასლან გაგლოევმა მოიპოვა, მოქმედ დე ფაქტო პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს მხარი 33,5%-მა დაუჭირა. ამის შესახებ ე.წ. ცესკო-ს მონაცემებიდან ირკვევა. როგორც ე.წ. ცესკოს თავმჯდომარემ, ემილია გაგიევამ თქვა, ე.წ. რესპუბლიკაში მეორე ტური გაიმართება, რადგან 50+1 ხმა ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო. ე.წ. მეორე ტურში ანატოლი ბიბილოვი და ალან გაგლოევი გადიან.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები