გიორგი ვაშაძე: არანაირი მოწვევა არ არის საჭირო იმისთვის, რომ უკრაინაში ჩახვიდე

“არანაირი მოწვევა არ არის საჭირო იმისთვის, რომ უკრაინაში ჩახვიდე. მე პირადად, დაახლოებით, ერთი თვის მანძილზე ვიყავი, კიდევ ვაპირებ ჩასვლას”, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მისამართით უკრაინის რადას თავმჯდომარის, რუსლან სტეფანჩუკის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.

ვაშაძის თქმით, მმართველი გუნდის ქმედებები სამარცხვინოა.

“არანაირი მოწვევა არ არის საჭირო იმისთვის, რომ უკრაინაში ჩახვიდე. მე პირადად, დაახლოებით, ერთი თვის მანძილზე ვიყავი, კიდევ ვაპირებ ჩასვლას და ღირსეული პოზიცია უნდა გამოვხატო ქართველი ხალხის, იმ ადამიანების, რომლებიც მართლა გულწრფელად გულშემატკივრობენ უკრაინას. ძალიან ვწუხვარ, რომ ამ პინგ-პონგს, რასაც “ქართული ოცნება” თამაშობს, კვლავ აგრძელებს და ეს არის სამარცხვინო. ვფიქრობ, ძალიან მარტივი ნაბიჯია გადასადგმელი, უნდა ჩავიდნენ”, – განაცხადა ვაშაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა რამდენიმე დღის წინ, უკრაინაში ჩასვლასთან დაკავშირებით რადას თავმჯდომარის მოწვევა მიიღო. აღნიშნულთან დაკავშირებით, პაპუაშვილმა განაცხადა: “ვისურვებდი, რომ უკრაინის ხელისუფლების ცალკეულ წარმომადგენლებს სრულად გაეაზრებინათ ის მტკიცე მხარდაჭერა, რომელსაც ქართველი ხალხი და მისი ხელისუფლება უკრაინის და უკრაინელი ხალხის მიმართ იჩენს. ეს მხარდაჭერა და ჩვენი ქვეყნების პარტნიორობა ნამდვილად არ იმსახურებს უკრაინის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებისგან ქართველი ხალხის და მისი ხელისუფლების ერთმანეთისგან გამიჯვნის მცდელობას, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნას, დაუსაბუთებელ დიპლომატიურ დემარშებს, კონტრაბანდაში უსაფუძვლო დადანაშაულებას, თუ უკრაინელების უბედურებაზე ხელის მოთბობის სურვილის დაბრალებას, როგორც ეს ჩემი კოლეგის წინა მიმართვაში იყო. ამ საკითხების განუმარტებლობის ფონზე, ოფიციალური მოწვევა არასათანადოდ ჩანს”.

პაპუაშვილის განცხადებას რადას თავმჯდომარე, რუსლან სტეფანჩუკი გამოეხმაურა: „არის თუ არა მიზანშეწონილი უწოდო მოწვევას „არასათანადო“, რომ ჩამოხვიდე მეგობარ ქვეყანაში და დაინახო მისი გაჭირვება, გაიზიარო მისი მწუხარება, გამოხატო მხარდაჭერის სიტყვები? მეჩვენება, რომ მეგობარმა ეს უნდა გააკეთოს მოწვევის გარეშე”.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები