„ე.წ. რეფერენდუმი, რომლითაც ოკუპირებული ცხინვალის სრული ანექსია უნდა მომხდარიყო, შეიძლება, ჩავარდეს“ – ვახტანგ მაისაია ე.წ. არჩევნების შედეგებზე

ე.წ. რეფერენდუმის საკითხი, რომლის მეშვეობითაც ოკუპირებული ცხინვალის სრული ანექსია უნდა მომხდარიყო, როგორც ჩანს, შეიძლება, ჩავარდეს, – ამის შესახებ უსაფრთხოებისა და სამხედრო საკითხების ანალიტიკოსმა, ვახტანგ მაისაიამ მედიაჰოლდინგ „კვირასპრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მაისაია ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში გამართულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს გამოეხმაურა.
მისი თქმით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის კონკურენტი, ოპოზიციური პარტია “ნიხასის” ლიდერის, ალან გაგლოევის მხარდაჭერით სეპარატისტული რეგიონის ადგილობრივმა მოსახლეობამ გამოხატა, რომ ისინი რუსეთთან მიერთების პროცესს, ფაქტობრივად, ეწინააღმდეგებიან.

„ამ ე.წ. არჩევნებს, გარკვეულწილად, მნიშვნელობა იმიტომ ჰქონდა, რომ ე.წ. რეფერენდუმის საკითხი დგებოდა. სეპარატისტული რეჟიმი ე.წ. რეფერენდუმის ჩატარებას ივნისში გეგმავს. მაგრამ გუშინ საკმაოდ მოულოდნელი რამ მოხდა. ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ კრემლის ფავორიტმა, ბიბილოვმა ოპოზიციური პარტიის „ნიხასის“ ლიდერთან, ალან გაგლოევთან წააგო.
ე.წ. საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 80 % -ის დათვლების შედეგად, ფაქტობრივად, გაგლოევი ამ ე.წ. არჩევნებს იგებდა და ბიბილოვი აგებდა. დანარჩენი 20 % როგორ გადანაწილდა, ჯერჯერობით, ამაზე სეპარატისტული ცხინვალი დუმს. ის, რომ ამ ე.წ. არჩევნების მეორე ტურია დანიშნული, ფაქტია. ეს ორი კანდიდატი, ბიბილოვი და გაგლოევი ერთმანეთის ოპონენტები იქნებიან. ოკუპირებული ახალგორის რეგოინში გაგლოევს 300 ხმა ჰქონდა აღებული, ბიბილოვს კი – 70. ეს არჩევნებში ძალიან დაბალი შედეგია. ეს იმას ნიშნავს, რომ, ფაქტობრივად, რეფერენდუმის საკითხი, როგორც ჩანს, ჰაერშია გამოკიდებული. რეფერენდუმი, რომლის მეშვეობითაც ოკუპირებული ცხინვალის სრული ანექსია უნდა მომხდარიყო, როგორც ჩანს, შეიძლება, ჩავარდეს იმიტომ, რომ სეპარატისტული რეგიონის ადგილობრივმა მოსახლეობამ გაგლოევის მხარდაჭერით გამოხატა, რომ ისინი, რუსეთთან მიერთების პროცესს, ფაქტობრივად, ეწინააღმდეგებიან. ამ არჩევნების შედეგებიდან ასეთი დასკვნა შეიძლება, იყოს გამოტანილი.

აქვე საინტერესო მომენტი ისაა, რომ ბიბილოვი რუსეთის თავდაცვის მინისტრის შოიგუს კადრია. ბიბილოვმა გუშინაც გააკეთა განცხადება, რომ მას რეფერენდუმის თემა პუტინთან შეთანხმებული არ ჰქონდა. როგორც ცნობილია,  მოარული ხმები იყო იმის შესახებ, რომ პუტინსა და შოიგუს შორის უთანხმოებაა, თავის დროზე შოიგუ 2 კვირის განმავლობაში დაკარგული იყო. თუნდაც მარიონეტული ცხინვალის რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტის არჩევნების შედეგად, შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ, როგორც ჩანს, პუტინს და შოიგუს შორის გარკვეული დაპირისპირებაა“, – განაცხადა მაისაიამ.

მისივე თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აფხაზები უარზე არიან, რომ რუსეთის ფედერაციას შეუერთდნენ, როგორც ჩანს, ეს ტენდენცია ოსურ მოსახლეობაშიც გამოიკვეთა.

„მინდა აღვნიშნო, რომ საერთაშორისო საზოგადოების არცერთმა აქტორმა ეს ე.წ. არჩევნები არ აღიარა. ეს ლოგიკურიცაა.
ჩვენ არასამთავრობო დონეზე, მასმედიის დონეზე, თუნდაც იგივე ჰუმანიტარული პროექტების დონეზე უნდა გავაქტიურდეთ. არ დავუშვათ, რომ სიტუაციამ არაპროგნოზირებადი ხასიათი მიიღოს. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აფხაზები უარზე არიან, რომ რუსეთის ფედერაციას შეუერთდნენ, როგორც ჩანს, ეს ტენდენცია ოსურ მოსახლეობაშიც გამოიკვეთა. ალბათ, ეს მომენტი ერთგვარ საშუალებად უნდა გამოვიყანოთ, რათა ჩვენი ურთიერთობები აღვადგინოთ“, – განაცხადა მაისაიამ.

ე.წ. სამხრეთ ოსეთში 10 აპრილს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად, ოქმების 95%-დან ირკვევა, რომ ხმების 36,9%, პარტია “ნიხასის” ლიდერმა, ასლან გაგლოევმა მოიპოვა, მოქმედ დე ფაქტო პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს მხარი  33,5%-მა დაუჭირა.  ამის შესახებ ე.წ. ცესკოს მონაცემებიდან ირკვევა. როგორც ე.წ. ცესკოს თავმჯდომარემ, ემილია გაგიევამ თქვა, ე.წ. რესპუბლიკაში მეორე ტური გაიმართება, რადგან  50+1 ხმა  ვერცერთმა კანდიდატმა ვერ  მიიღო.  ე.წ. მეორე ტურში ანატოლი ბიბილოვი და ალან გაგლოევი გადიან.

 

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები