დავით მათიკაშვილი: ჩვენ ვართ ძალიან ახლოს ევროკავშირთან, ამ მძიმე მოვლენებმა ეს პროცესი დააჩქარა
“საქართველოს ისტორიაში კიდევ ერთი მონაპოვარი არის ის, რაც დღეს ხდება საქართველოსა და ევროკავშირს შორის, რადგანაც მხოლოდ თავისუფალ და დემოკრატიულ სახელმწიფოს შეუძლია ჰქონდეს განაცხადი და სურვილი გახდეს ევროკავშირის წევრი. ჩვენ ვართ ძალიან ახლოს ევროკავშირთან, ამ მძიმე მოვლენებმა ეს პროცესი დააჩქარა,” – განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა დავით მათიკაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“.
როგორც მათიკაშვილმა აღნიშნა, საქართველოს მიზანია, რომ საქართველო ერთიანი ევროპული ოჯახის ნაწილი გახდეს.
„ჩვენ გადმოგვეცემა კითხვარი, რომლის შევსებისთვისაც მოგვეცემა შესაბამისი დრო და ღრმად ვარ დარწმუნებული, ქართული მხარე მაქსიმუმს გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ ძალიან მალე მიიღონ ის მნიშვნელოვანი სტატუსი, რასაც კანდიდატის სტატუსი ჰქვია და შემდგომ უკვე სრულფასოვანი გაწევრიანება ამ ძალიან მნიშვნელოვან ორგანიზაციაში, რომელიც ჩვენი ერის ბრძოლის ისტორიული შინაარსია. ისტორიული მიზანი სწორედ არის ის, რომ დამოუკიდებელი, თავისუფალი საქართველო გახდეს ერთიანი ევროპული ოჯახის ნაწილი და ამას ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ“,- განაცხადა დავით მათიკაშვილმა.