ირაკლი აბესაძე: გიგი უგულავას პირადი ელფოსტა გატეხეს
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე თბილისის მერიაში ხელმძღვანელობის გადაბარების პროცესში გამოვლენილ დარღვევებზე საუბრობს.
ირაკლი აბესაძის განცხადებით, 29 ივლისს დედაქალაქის მერიაში იმყოფებოდნენ დავით ნარმანიას წარმომადგენლები, რომლებმაც მერიაში არსებული სისტემების გამოყენებით, შექმნეს ელექტრონული ფოსტა, რომლის საშუალებითაც მოხდა დედაქალაქის ყოფილი მერის პირადი ელფოსტის გატეხვა და მონაცემების დაუფლება.
აბესაძის განცხადებით, ახალი მერის წარმომადგენლები დავით ნარმანიას სახელით მოქმედებდნენ, რომლებიც აბესაძის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომლები არიან.
„მათ ისარგებლეს მერიაში არსებული სისტემებით და უკანონოდ შექმნეს საფოსტო მისამართი gigiugulava@tbilisi.gov.ge, რომლის გამოყენებითაც მათ უკანონოდ გატეხეს გიორგი უგულავას, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის ლიდერის სარგებლობაში არსებული პირადი მეილი, საიდანაც ასევე უკანონოდ დაეუფლნენ ინფორმაციას“, – აცხადებს აბესაძე.