კეტრინ ეშტონი და შტეფან ფულე მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალის წარდგენას ეხმაურებიან
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კეტრინ ეშტონი და გაფართოებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ევროკომისარი შტეფან ფულე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალის წარდგენასთან დაკავშირებით წერილობით განცხადებას ავრცელებენ. კეტრინ ეშტონი და შტეფან ფულე განცხადებაში შეშფოთებას გამოთქვამენ სააკაშვილისთვის ბრალის წარდგენასთან დაკავშირებით და აღნიშნავენ, რომ ევროკავშირი ყურადღებით დააკვირდება ყოფილი მთავრობისა და დღევანდელი ოპოზიციის წევრების მიმართ სისხლის სამართლის ამ და სხვა საქმეების მიმდინარეობას.
,,ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს მოვლენებს და შეშფოთებულნი ვართ საქართველოს პროკურატურის მიერ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სისხლის სამართალებრივი დევნის გამო. კანონზე მაღლა არავინ დგას, თუმცა საქართველოში სისხლი სამართლებრივი დევნა უნდა იყოს გამჭვირვალე, პროპორციული, პოლიტიკური მიზნებისგან თავისუფალი და წარიმართოს კანონმდებლობით დადგენილი საპროცესო გარანტიების მკაცრი დაცვით. ევროკავშირი ყურადღებით დააკვირდება ყოფილი მთავრობისა და დღევანდელი ოპოზიის წევრების მიმართ სისხლის სამართლის ამ და სხვა საქმეების მიმდინარეობას. ევროკავშირი შეახსენებს საზოგადოებას, რომ ,,ასოცირების შესახებ შეთანხმება ევროკავშირსა და საქართველოს შორის”, რომლის რატიფიცირება საქართველოს პარლამენტმა ორი კვირის წინ მოახდინა, ავალდებულებს საქართველოს, დაიცვას საერთო ღირებულებები, კანონის უზენაესობისა და სწორი მმართველობის პრინციპების ჩათვლით.
მოვუწოდებთ ქართული პოლიტიკის მონაწილე ყველა მხარეს, თავი დააღწიონ წარსულში არსებულ კონფლიქტებს და ძირითადი ყურადღება ქვეყნის მომავლისკენ მიმართონ. საქართველოს წინაშე დიდი გამოწვევებია და მათთან გამკლავებას სჭირდება ხელმძღვანელობა, რომელიც იყურება წინ და მზადაა, დაამსხვრიოს პოლარიზებული პოლიტიკის ჩარჩოები”, – აღნიშნულია განცხადებაში.