სერგეენკო – “ლელოს” რეზოლუციაზე: შინაარსობრივად, რაც რეზოლუციის პროექტში წერია, საქართველოს უკვე გაკეთებული აქვს
საქართველოს უკვე გაკეთებული აქვს, რასაც ახლა „ლელო“ გვთავაზობს, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ რაღაც ტაბუდადებული თემაა. ასე ბრიფინგიდან შემოთვლით რთულია ხოლმე, აბა, ახლა თქვენ რას იზამთ. თავისი წესი, რიგი აქვს ამ რეზოლუციის განხილვას და ეს გზა გავიაროთ, – ასე ეხმიანება პარლამენტის ვიცესპიკერი, დავით სერგეენკო უკრაინაში სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის თაობაზე “ლელოს” მიერ მომზადებულ რეზოლუციის პროექტს.
მისი თქმით, „ლელოს“ მიერ მომზადებული რეზოლუციის განხილვას თავისი წესი და რიგი აქვს.
“საქართველომ, როგორც აღმასრულებელმა ხელისუფლებამ, ასევე, პარლამენტმა ჯერ კიდევ მარტში გააკეთა ინიცირება. საქართველო ერთ-ერთი ინიციატორი იყო ჰააგის სასამართლოში, რომ მომხდარიყო ამ სამხედრო დანაშაულების შესწავლა და შესაბამისი ვერდიქტის გამოტანა. „ლელოს“ ინიციატივა იმას იმეორებს, რაც უკვე გაკეთებული გვაქვს, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ რაღაც ტაბუდადებული თემაა. რეზოლუციის განხილვას თავისი წესი და რიგი აქვს და ეს გზა უნდა გავიაროთ. შინაარსობრივად, რაც რეზოლუციის პროექტში წერია, საქართველოს უკვე გაკეთებული აქვს“, – განაცხადა სერგეენკომ.
შეგახსენებთ, “ლელომ” პარლამენტს უკრაინაში სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის თაობაზე რეზოლუციის პროექტი წარუდგინა.