კარლ ჰარცელი: გამოქვეყნებული ანგარიშის მიზანია, დახმარება გაუწიოს ევროპარლამენტის წევრებს საქართველოში არსებული სიტუაციის შეფასებაში
“ანგარიში არ არის ევროპარლამენტის პროდუქტი, არამედ ევროპარლამენტის კვლევის ცენტრის და მასში მოცემული შეფასებები ეკუთვნის ავტორებს. მისი მიზანია, დახმარება გაუწიოს ევროპარლამენტის წევრებს საქართველოში არსებული სიტუაციის შეფასებაში”, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ევროპარლამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა.
ელჩის თქმით, ანგარიშში იმ საკითხებზეა საუბარი, რაზეც ყურადღება ბრიუსელმაც გაამახვილა.
„ბევრი ის საკითხი, რაც ამ ანგარიშშია დაყენებული, მათ შორის პოლიტიკური პოლარიზაცია, პოლარიზაცია მედიაში, კითხვები სასამართლო რეფორმებთან, არჩევნებთან და დემოკრატიულ ინსტიტუტებთან დაკავშირებით, იცით, რომ ოფიციალურმა ბრიუსელმაც წამოწია, ისევე როგორც მე აქ. ვფიქრობ, ნათელია, რომ ეს არის საკითხები, რომელთან დაკავშირებითაც განხილვები გაგრძელდება საქართველოს ხელისუფლებასთან და ეს არის მნიშვნელოვანი ასპექტი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის კუთხით. ვფიქრობ, კომისია მალე წარადგენს დასკვნას ამ განაცხადთან დაკავშირებით”, – აღნიშნა ელჩმა.
ევროპარლამენტის ვებგვერდზე საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ სამი ავტორის მიერ მომზადებული კვლევა გამოქვეყნდა. ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ მკვეთრი პოლიტიკური პოლარიზაციის პირობებში, ქვეყანაში არსებული სიტუაცია დემოკრატიული რეფორმების კუთხით გაუარესდა ოპოზიციის ლიდერების დაკავებით, 2019 წლის ივნისისა და 2021 წლის ივლისის ძალადობრივი ინციდენტების ეფექტიანი გამოძიების არარსებობით, ასევე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებით. ასევე, გაგრძელდა სხვა ისეთი რეფორმების შესრულების ტემპის შენელება, როგორიცაა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და დეცენტრალიზაცია.