პარლამენტის ბიუროს სხდომაზე უკრაინაში დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს
საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ბუჩაში, ირპენსა და უკრაინის სხვა ქალაქებში დაღუპულების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდა უკრაინაში ომის დანაშაულები გამოიძიონ, გამოავლინონ და დასაჯონ ყველა დამნაშავე.
„მინდა, მწუხარება გამოვთქვა იმასთან დაკავშირებით, რასაც ჩვენ ამ დღეებში ვხედავთ ბუჩაში, ირპენში, უკრაინის სხვა ქალაქებში. ალბათ რთულია, მოიძებნოს სიტყვა, რომელიც მძიმე სურათების ხილვის შემდეგ ადამიანის ემოციას აღწერს. სამწუხაროდ, ამ ტრაგედიას ბოლო არ უჩანს. როგორც ჩანს, ბოლო არ უჩანს სისასტიკეს, რომელსაც ჩვენ ვხედავთ უკრაინაში. იცით, საქართველოს ხელისუფლება თანაავტორია მიმართვისა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის და მოწოდებისა, რომ სასამართლომ გამოიძიოს ომის ყველა დანაშაული, გამოავლინოს და დასაჯოს ყველა დამნაშავე. იმ სურათს, რაც ჩვენ ამ დღეებში ვნახეთ, შესაბამისი რეაგირება სჭირდება. კიდევ ერთხელ პირადად, პარლამენტის სახელით მივმართავ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, ჩავიდნენ ადგილზე, თავად გამოიკვლიონ, გამოიძიონ, შეისწავლონ და შესაბამისი პასუხისმგებლობა დააყენონ ყველა იმ ადამიანის, რომელიც ასეთი სისასტიკის ავტორია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.