გივი მიქანაძემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საკომიტეტო სხდომის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) საქართველოს მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის წევრმა, გივი მიქანაძემ პარიზში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ და ადამიანის უფლებათა საკითხთა კომიტეტის სხდომის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო.
პარლამენტის ინფორმაციით, სხდომის ფარგლებში, კომიტეტმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესიის სამართლებრივი და ადამიანის უფლებათა ასპექტები და რიგი რეზოლუციის პროექტები განიხილა, რომლებიც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, 25-28 აპრილის, საგაზაფხულო სესიას დასამტკიცებლად წარედგინება.
„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტის სხდომაში მონაწილეობამ შესაძლებელი გახადა, კიდევ ერთხელ დაფიქსირებულიყო საქართველოს მტკიცე პოლიტიკური მხარდაჭერა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ. იგი გამოიხატა კომიტეტის გადაწყვეტილების მხარდაჭერაში, მიმართოს საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს, რათა აპრილის საგაზაფხულო სესიაზე ჩაინიშნოს დებატები საკითხზე – „რუსეთის ფედერაციის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ: საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სერიოზული დარღვევისთვის პასუხისმგებლობის უზრუნველყოფა”, – განაცხადა გივი მიქანაძემ.