შალვა პაპუაშვილი: ვვარაუდობ, რომ პრემიერი გადაწყვეტილებას როცა იღებდა, სწორედ ეს იყო კრიტერიუმები, რომ აშშ-ში გვყოლოდა ძლიერი დიპლომატი

“დავით ზალკალიანი გახლავთ მრავალი წლის გამოცდილების მქონე დიპლომატი. აქედან გამომდინარე, ვვარაუდობ, რომ პრემიერმინისტრი გადაწყვეტილებას როცა იღებდა, სწორედ ეს იყო კრიტერიუმები, აშშ-ში გვყოლოდა ძლიერი დიპლომატი”, – ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის აშშ-ში ელჩად დანიშვნის საკითხს.

პაპუაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ელჩად იყოს არა მხოლოდ დიდი დიპლომატიური გამოცდილების მქონე ადამიანი, არამედ – პოლიტიკური გამოცდილების მქონეც.

„ამერიკის შეერთებულ შტატებში ელჩს უფლებამოსილების ვადა გაუვიდა და შესარჩევი იყო ახალი ელჩი. ამერიკა გახლავთ საქართველოს უპირველესი სტრატეგიული პარტნიორი, ამიტომ, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საელჩოა საქართველოსთვის. ასევე, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკადრო გადაწყვეტილებაა. დავით ზალკალიანი გახლავთ მრავალი წლის გამოცდილების მქონე დიპლომატი. აქედან გამომდინარე, ვვარაუდობ, რომ პრემიერ-მინისტრი გადაწყვეტილებას როცა იღებდა, სწორედ ეს იყო კრიტერიუმები, ამერიკის შეერთებულ შტატებში გვყოლოდა ძლიერი დიპლომატი, რომელიც განსაკუთრებით ამ რთული უსაფრთხოების მდგომარეობიდან გამომდინარე, იქნებოდა ძლიერი საელჩო ძლიერი ელჩით სათავეში. ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილებაა და ბატონ დავითს წარმატებას ვუსურვებ. საგარეო საქმეთა სამინისტრო გახლავთ დიპლომატების სამინისტრო და თავად დავითიც არის მრავალი წლის დიპლომატი. ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩო თავისი მნიშვნელობით არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, თუ არა ყველაზე მნიშვნელოვანი საელჩო ჩვენი ქვეყნისთვის. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ელჩად იყოს არა მხოლოდ დიდი დიპლომატიური გამოცდილების მქონე ადამიანი, არამედ პოლიტიკური გამოცდილების მქონეც. ამიტომ ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები