თორნიკე რიჟვაძე: ეს არჩევნები მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქის სტაბილური განვითარებისთვის

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ბათუმის მე-4 სამაჟორიტარო ოლქის ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდებს.
როგორც რიჟვაძემ ბრიფინგზე აღნიშნა, შუალედური არჩევნები ბათუმის საკრებულოში მყარი უმრავლესობის ფორმირების ბედს განსაზღვრავს და მნიშვნელოვანია ბათუმის განვითარებისა და სტაბილურობისთვის.
„დღეს ბათუმში ტარდება ძალიან მნიშვნელოვანი შუალედური არჩევები, რომელიც განსაზღვრავს ბათუმის საკრებულოში მყარი უმრავლესობის ფორმირების ბედს. მინდა, მივმართო თითოეულ ბათუმელს, ვისაც ამ არჩევნებში მონაწილეობა შეუძლია. ჩემო ძვირფასო ბათუმელებო, განსაკუთრებით მე-4 სამაჟორიტარო ოლქის ამომრჩევლებს მინდა ვთხოვო მაქსიმალური აქტიურობა, ვინაიდან ეს არჩევნები მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქის შეუფერხებელი განვითარებისთვის, სტაბილურობისთვის, მშვიდობისთვის და იმ პრობლემების მოგვარებისთვის, რომელიც თითოეულ ბათუმელს აწუხებს. რაც შეეხება საარჩევნო პროცესს – როგორც დაგეგმილი იყო, საარჩევნო უბნები გაიხსნა 8:00 საათზე, დაბრკოლებების გარეშე. თუ არ ჩავთვლით მცირე ტექნიკურ ხარვეზებს, პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ რაც უფრო ახლოვდება „ნაციონალური მოძრაობისთვის“ გარდაუვალი მარცხის გაფორმება, მით უფრო იმატებს მათი მხრიდან პროვოკაციების მცდელობა. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს პროვოკაციები აღკვეთილი იქნას. ჩვენს თითოეულ მხარდამჭერს მინდა ვთხოვო, ამ პროვოკაციებს არ აჰყვეთ. მაქსიმალურად მშვიდ გარემოში დავუჭიროთ მხარი ჩვენს ძალიან ღირსეულ კანდიდატს, რამაზ ჯინჭარაძეს, რომელიც იქნება თითოეული ბათუმელის ხმა ბათუმის საკრებულოში, დარწმუნებული ვარ, ბათუმელების მხარდაჭერით კიდევ ერთხელ გავიმარჯვებთ“,- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს ორ მაჟორიტარულ ოლქში პარლამენტისა და ბათუმის საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს. ბათუმში 14-ვე საარჩევნო უბანი 08:00 საათზე გაიხსნა. ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი წევრობისთვის 2 კანდიდატი იბრძვის – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ მათე ფუტკარაძე და „ქართული ოცნებიდან“ რამაზ ჯინჭარაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები