ვაშაძე – კობახიძეს: 2012 წლის შემდეგ რუსეთმა საქართველოს ტერიტორიის 57 მლნ კვ.მ. მიიტაცა, 2380-ზე მეტი ადამიანი გაიტაცა – ამას ეძახით, რომ თქვენმა პრაგმატულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო?!
2012 წლის შემდეგ, მცოცავი ოკუპაციიდან გამომდინარე, რუსეთმა 57 მილიონი კვადრატული მეტრი მიიტაცა საქართველოს ტერიტორიის. ეს ორჯერ დიდია, ვიდრე სოხუმის ტერიტორია და 7- ჯერ დიდი, ვიდრე ცხინვალის ტერიტორია. ამის გარდა, 2380-ზე მეტი ადამიანი იყო გატაცებული ოკუპანტის მიერ საოკუპაციო ზოლის გასწვრივ და ამ ყველაფერს ეძახით, რომ თურმე რუსეთს წინსვლა არ აქვს და თქვენმა პრაგმატულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო?!, – ასე მიმართა “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს.
ვაშაძე ირაკლი კობახიძის განცხადებას სპეციალური ბრიფინგით გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ საუბრობს.
“ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2012 წლის შემდეგ რუსეთის წინსვლა ტერიტორიების კუთხით შეჩერებულია. ამ შეჩერების მთავარი მიზეზი ის პრაგმატული პოლიტიკაა თურმე, რომელსაც აწარმოებენ რუსეთის ფედერაციასთან. ბატონო ირაკლი, მმართველი პარტიის თავმჯდომარე ბრძანდებით და უნდა იცოდეთ, რომ 2012 წლის შემდეგ, მცოცავი ოკუპაციიდან გამომდინარე, რუსეთმა 57 მილიონი კვადრატული მეტრი მიიტაცა საქართველოს ტერიტორიის. ეს ორჯერ დიდია, ვიდრე სოხუმის ტერიტორია და 7- ჯერ დიდი, ვიდრე ცხინვალის ტერიტორია. ამის გარდა, 2380-ზე მეტი ადამიანი იყო გატაცებული ოკუპანტის მიერ საოკუპაციო ზოლის გასწვრივ და ამ ყველაფერს ეძახით, რომ თურმე რუსეთს წინსვლა არ აქვს და თქვენმა პრაგმატულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო?! მეტიც, ოფიციალურ, ღია წყაროებზე დაყრდნობით, 209 კვადრატული კილომეტრის ოკუპაცია იგეგმება დამატებით რუსეთის მხრიდან, მონიშნული ტერიტორიებიდან გამომდინარე, თქვენთვის ეს წინსვლა არ არის?! ეს საქართველოს ტერიტორიები არ არის და ამაზე ამბობთ, რომ თქვენს პრაგმატულ პოლიტიკას შედეგი აქვს?! ამ განცხადების პარალელურად, თქვენი განცხადება დსთ-სთან დაკავშირებით უნდა აღვიქვათ როგორც გზავნილი რუსეთის ოფიციალური ხელისუფლებისთვის, პირადად პუტინისთვის, რომ თქვენ ალბათ მზად ხართ, ევრაზიულ კავშირშიც გააწევრიანოთ საქართველო. ისტორიის გაყალბება მეტი არაფერია, როცა ამბობთ, რომ დსთ-ში რომ შესულიყო საქართველო, ტერიტორიების ოკუპაცია აღარ მოხდებოდა. ცხინვალში, რომელზეც თქვენ შეიძლება, დაგავიწყდათ, რომ საქართველოს ტერიტორიაა, ყველაფერი დაიწყო დსთ-ს შექმნამდე”, – განაცხადა ვაშაძემ.
ამასთან, ვაშაძე მიიჩნევს, რომ სწორედ ამ “პრაგმატული პოლიტიკის” საპასუხო იყო ანატოლი ბიბილოვის განცხადება, რომ რუსეთთან მიერთება სურთ.
მისი თქმით, სწორი პოლიტიკა საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობაა და მათთან ამ პრობლემებზე კომუნიკაციაა საჭირო.