“პუტინს შანტაჟის უფლებას არ მივცემთ” – “დიდი შვიდეულის” ქვეყნები რუბლში გაზის საფასურის გადახდაზე უარს ამბობენ
“დიდი შვიდეულის” ქვეყნები გაზის საფასურის რუბლში გადახდაზე უარს აცხადებენ.
როგორც გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა, რობერტ ჰაბეკმა თქვა, გერმანია რუსეთს შანტაჟის უფლებას არ მისცემს.
”თქვენ იცით, რომ “დიდი შვიდეულის” ენერგეტიკის მინისტრებმა და, შესაბამისად, დიდმა ინდუსტრიულმა ქვეყნებმა მყისიერად უპასუხეს, რომ კონტრაქტები უნდა იყოს დაცული. ყველაფერი, რაც მოვისმინე სხვა პოლიტიკოსებისგან, ამას ადასტურებს. ეს არის იმის პასუხი, რომ, როგორც სანქციების შემთხვევაში, ამ საკითხშიც დასავლეთში არის ერთიანობა და კონსენსუსი”, – თქვა მან.
ჰაბეკმა დასძინა, რომ ”კარგად ვართ მომზადებული ყველა იმ გადაწყვეტილებისთვის, რომელსაც პუტინი იღებს”.
ჰაბეკმა ასევე აღნიშნა, რომ გერმანიაში გაზის მიწოდება სტაბილურია, საცავებში მარაგები იზრდება.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, არ გვქონდეს სიგნალი, რომ პუტინს შანტაჟის საშუალებას მივცემთ“, – დასძინა ჰაბეკმა.
დღეს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ხვალიდან, 1-ელი აპრილიდან გაზის კონტრაქტების ანგარიშსწორება რუსულ რუბლში არ მოხდება, რუსეთში “მიიჩნევენ, რომ კონტრაქტი არ შესრულდა”, რასაც შედეგი მოჰყვება, ანუ – გაზის გათიშვა.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge